#ტაიმაუტი | ნიკოლოზ ცქიტიშვილი - მერიასთან თანამშრომლობით, აკადემიის დაარსებას ვგეგმავ
#ტაიმაუტი | ნიკოლოზ ცქიტიშვილი - მერიასთან თანამშრომლობით, აკადემიის დაარსებას ვგეგმავ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გადაცემა „ტაიმაუტს“ სპეციალურ გამოშვებაში ესტუმრა, სადაც მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

ცქიტიშვილმა ფინეთთან წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს მოთამაშეებისათვის, რომ წარმოაჩინონ თავი ნაკრებში.

„ფინეთისთვის ეს თამაში არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეიძლება პირველ ადგილზე გადავინაცვლოთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ რა მატჩებიც დაგვრჩა ყველა გამოსაცდელი თამაშია. აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა, მაგრამ დიდი არა, შესაბამისად ექსპერიმენტის საშუალება გვაქვს, რაც კარგია განსაკუთრებით მოთამაშეებისათვის, რომ წარმოაჩინონ თავი ნაკრებში კარგად და მწვრთნელებისთვისაც, რომ ნახონ გუნდი რა ეტაპზეა და რა ცვლილებები შეიძლება გაკეთდეს. ეს თამაშიც ზუსტად ამისთვის არის, რადგან ევრობასკეტზე გარანტირებულად ვართ და გვაქვს ამის საშუალება“.

ნიკოლოზმა ამერიკელ ლეგიონერზეც ისაუბრა: „კონერ ფრენკამპის არ ყოფნა დიდი დანაკლისია. ის კარგი მოთამაშეა, საშუალოდ 17 ქულა აქვს ესპანეთის ლიგაში, რაც სერიოზული მაჩვენებელია. ვწუხვარ, რომ ასეთი რაღაც მოხდა, მაგრამ მაინც შეგვიძლია მოგება, გვაქვს ჩვენ შანსი ამ გუნდთან და რამდენიმე მოთამაშესაც მიეცემა შანსი“.

ნაკრების ყოფილმა წევრმა ევრობასკეტზე საქართველოს შანსები შეაფასა: „სერიოზულად გამოკვეთილი გუნდები დღეს აღარ არიან, კალათბურთი განვითარდა და დღეს ყველას შეუძლია ყველასთან მოგება და თუ ნაკრები დაკომპლექტებული იქნება ყველა იმ მოთამაშით, ვინც ჩვენ გვყავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი შანსი გვაქვს ევრობასკეტზე“.

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ნაკრების წარმატების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა.

„ეს გზა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა ჩვენ ვიყავით პატარები, მე, ზაზა ფაჩულია, ვატო ნაცვლიშვილი, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე. ძალიან ბევრი სირთულე გვქონდა, რაც გადავლახეთ. ნაკრები ყოველთვის პოპულარული იყო და გულშემატკივრები ბოლომდე ჩვენ გვერდში იდგნენ, ამ მოტივაციით​ და ყველასგან მხარდაჭერით, ნელ-ნელა, წლების მანძილზე, სწორი მიდგომით მოვედით აქამდე.

ცქიტიშვილმა „ტაიმაუტთან“ მის მომავალთან დაკავშირებითაც ილაპარაკა და ექსკლუზიურად განაცხადა, რომ აკადემიის გახსნას გეგმავს, საკალათბურთო კარიერას კი მომავალ წელს საქართველოში დაასრულებს.

„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება გამიადვილდა. მინდა ჩემს ქვეყანაში ოჯახთან ერთად ვიყო ამ რთულ პერიოდში. ძალიან ძნელია, როცა სპორტსმენი თავს ანებებს კარიერას. ვფიქრობ, რომ ისევ კალათბურთში ვიქნები, ჩემი გამოცდილება მინდა გადავცე სხვას და განსაკუთრებით ასეთ ქვეყანაში, სადაც ამდენი ნიჭიერი კალათბურთელია. ჩვენ გვაქვს ამის განათლება და ამის უნარი. მადლობა მინდა გადავუხადო მერიას, რადგან, შეიძლება, რამდენიმე ხანში მათთან თანამშრომლობით ჩემი აკადემიაც დავაარსო და ეს იქნება ჩემი საოცნებო სამსახური, დავეხმარო ფედერაციას განვავითაროთ კიდევ უფრო მეტი ბავშვი“.