ტაიმაუტი | ნგოლო კანტე - ნარჩენების შემგროვებლიდან მსოფლიოს ჩემპიონობამდე [ვიდეო] #1TVSPORT

ნგოლო კანტეს „რეალისთვის“ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ლონდონშიც და მადრიდშიც, ის მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც აუცილებელია იმისთვს, რომ თასები მოვიპოვოთ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელები არსებობენ“, – განაცხადა ფინალში გასვლის შემდეგ „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა.

კანტე მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველია მსოფლიოში, თუმცა თამაშის სტილი და ხარისხი არ არის ერთადერთი, რაც მისდამი ინტერესს იწვევს. ფეხბურთელი ცნობილია თავისი მოკრძალებული ხასიათით, რაც ისეთი ვარსკვლავისთვის, როგორიც ის არის, საკმაოდ უჩვეულოა. მაგალითად, კანტე დღემდე დადის 2015 წელს მეგობრისგან ნაყიდი „მინი კუპერით“ და სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, არ ფლობს ძვირადღირებულ ავტოპარკს.

„ეს ჩემი პირველი მანქანაა, რომელიც ინგლისში ვიყიდე და ვთვლი, რომ გადაადგილების ძალიან კარგი საშუალებაა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევცვალო. ძვირფასი ავტომობილები არასდროს მაინტერესებდა“ – აღიარა კანტემ, რომელიც ამ „მინი კუპერის“ შეძენამდე ვარჯიშებზე ან ფეხით მიდიოდა, ან სკუტერით.

ნგოლო კანტე პარიზში 1991 წლის 29 მარტს დაიბადა. მისი მშობლები მალიდან წამოსული ემიგრანტები იყვნენ. მამა ადრე გარდაეცვალა. დედას რომ დახმარებოდა, ნარჩენებს აგროვებდა და გადამამუშავებელ საწარმოში აბარებდა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, როცა 7 წლის იყო, სტადიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, სადაც გულშემატკივარი დიდი რაოდენობით ნარჩენებს ტოვებდა. ფეხბურთითაც ამ დროს დაინტერესდა.

შემდეგ გაიგო, რომ იმ ჩემპიონატის ტრიუმფატორ საფრანგეთის ნაკრებში ბევრი, მასავით ემიგრანტთა ოჯახებიდან წამოსული ფეხბურთელი თამაშობდა. მაშინ მეგობრებს უთხრა, რომ ერთ დღეს თვითონაც მოიგებდა მსოფლიო პირველობას.

ვარჯიში სახლთან ახლოს, „ჟიეს სურენის“ აკადემიაში დაიწყო. მწვრთნელი იხსენებს, რომ ის ტანით ყველაზე პატარა, თუმცა ყველაზე მიზანდასახული მოთამაშე იყო. არავის სჯეროდა, რომ ასეთი აღნაგობით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. თუმცა ეს ფაქტორი კანტესთვის ხელისშემშლელი არასდროს ყოფილა. ვარჯიშობდა სხვებზე მეტს და ცოტა ხანში თავისზე სამი წლით უფროსების გუნდში მოხვდა.

მალე იმ რამდენიმე რჩეულს შორის დაასახელეს, რომლებიც აკადემიაში პატარა ბავშვებს ეხმარებოდნენ ვარჯიშში. ბიჭს პირველი შემოსავალი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მორცხვი იყო და სულ ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მასთან მეგობრობას მაინც ყველა ცდილობდა. უყვარდა ყველას და ეს დღემდე ასეა. კანტეს მიმართ სიმპატიით არიან განწყობილი როგორც მისი გუნდლები, ასევე მეტოქეები, როგორც მისი გუნდის გულშემატკივარი, ასევე მოწინააღმდეგე გუნდების ქომაგები.

2010 წელს „ბულონში“ გადავიდა, სადაც 2 წელი გაატარა. ამას ინგლისური „ლესტერი“ და 2015-2016 წლების წარმოუდგენელი სეზონი მოჰყვა, როცა კლუბმა პრემიერლიგა მოიგო, კანტე გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მომდევნო წელს ინგლისის ჩემპიონატი უკვე ჩელსისთან ერთად მოიგო და ისევე როგორც წინა სეზონზე, ამჯერადაც მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.

წარმატების მწვერვალს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწია, როცა ეროვნულ გუნდთან ერთად თასი აღმართა. უფრო სწორად ძალით ააწევინეს. თავისი მოკრძალებული ხასიათის გამო, კანტე გუნდელების ზეიმს ყოველთვის შორიდან ადევნებს თვალს. მსოფლიოს მოგების შემდეგაც ასე მოხდა. ის იყო ბოლო ფეხბურთელი, რომელამც თასი დაიჭირა, ისიც მას შემდეგ, რაც ნაკრების სხვა წევრებმა განზე მდგარი დაინახეს და თავად მიუტანეს ჯილდო, რომელზე ოცნებაც 20 წლის წინ დაიწყო.

ასეთია ნგოლო კანტე, სხვათა შორის, დიპლომირებული ბუღალტერი და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მოკრძალებული ხასიათი არ არის წინაღობა წარმატების გზაზე.

დატოვე კომენტარი