ტაიმაუტი | ლევან სეთურიძე - მამარდაშვილი და კვარაცხელია ჩვენი ქვეყნის „ელჩები“ არიან, ევროპაში ქართველებისადმი ინტერესი გაზრდილია #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლევან სეთურიძე - მამარდაშვილი და კვარაცხელია ჩვენი ქვეყნის „ელჩები“ არიან, ევროპაში ქართველებისადმი ინტერესი გაზრდილია #1TVSPORT

ახალგაზრდა მენეჯერმა ლევან სეთურიძემ, რომელიც ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის მენეჯერია, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა.

„გიორგის თაობაზე იყო სხვა შემოთავაზებები, მაგრამ როდესაც „ვალენსია“ გამოჩნდა, სხვაზე არც გვიფიქრია. ეს წინსვლისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.

სეზონის დასრულების შემდეგ ვიყავი ჩასული და შევხვდი ხელმძღვანელობას, რომელთაც კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ. მათ ახალი ხუთწლიანი ხელშეკრულება უნდათ. მიზეზების გამო ეს საკითხი შეფერხდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ.

გიორგის უკვე აქვს სამწლიანი კონტრაქტი, მაგრამ დაბალი გამოსასყიდი თანხა აქვს და „ვალენსიას“ სურს, რომ გამოსასყიდი თანხა გაზარდოს.

ინგლისის პრემიერლიგა ფეხბურთის NBA არის. იქ ბევრი ისურვებდა გიორგისთან კონტრაქტს, ბევრი რამ, დაიწერა, მაგრამ „ვალენსიაში“ თავს კარგად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს. მომავალი გვიჩვენებს, რა როგორ იქნება. მერე თუ დაინტერესდებიან, მაღალი დონის მეკარის ტრანსფერის გამოსყიდვა მაშინაც არ გაუჭირდებათ.

გიორგის ესპანეთში და კვარაცხელიას იტალიაში გადასვლა ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის „ელჩები“ არიან. როგორ კარგადაც ითამაშებენ, მით უფრო გაიზრდება ქართველებისადმი ინტერესი.

ქართველი მენეჯერებისთვის კი ფუფუნებაა, როდესაც გვეკითხებიან, საიდან ვართ – მათ კარგი თამაშით სხვებს შეუძლიათ გზა გაუხსნან დიდ ასპარეზზე. საქართველო ნიჭიერების ქვეყანაა, ბევრი კლუბი სწორად მუშაობს და არიან მოთამაშეები, რომლებიც ევროპის ძლიერ ლიგაში ითამაშებენ. თავადაც ვიცი და ჩემი კოლეგებისგან, რომ ქართველი მოთამაშეების მიმართ ინტერესი გაზრდილია.

რუსეთში წასვლა? იქ დიდი ფულია და ყველას არჩევანი ინდივიდუალურია, მაგრამ ჩვენი არჩევანი არის ევროპა. არის გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ესპანეთში და საფრანგეთში უფრო გამარტივებულია, იტალიას სამი არაევროკავშირელის აყვანა შეუძლია, ინგლისში კი ქულებია. ჩვენი პასპორტი ბევრ ქვეყანაში ბარიერს გვიქმნის, მაგრამ მოთამაშე თუ ნიჭიერია, მზად არიან, აიყვანონ“, – განაცხადა ლევან სეთურიძემ.