ტაიმაუტი | ლევან მაისაშვილი - ვეცდებით, პორტუგალიას ჩვენი ძლიერი მხარეები დავახვედროთ, მათთან სათამაშოდ შესაბამისად მოვემზადებით #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლევან მაისაშვილი - ვეცდებით, პორტუგალიას ჩვენი ძლიერი მხარეები დავახვედროთ, მათთან სათამაშოდ შესაბამისად მოვემზადებით #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი მატჩი ავსტრალიასთან (15:35) გამართა. ამ შეხვედრის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ ლა როშელში დაბრუნდნენ და მომავალი მატჩებისთვის განაგრძობენ მზადება.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში ისვენებს, მომდევნო მატჩს კი 23 სექტემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ მატჩისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და მგეზავმა, თედო აბჟანდაძემ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი – ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ ლა როშელში დავბრუნდით, გუნდი სამი დღე დავასვენეთ, მოთამაშეებმა რეაბილიტაცია გაიარეს და განვაახლეთ ვარჯიშები. თავიდან შედარებით დაბალი ინტენსივობით, შემდეგ კი მოვუმატეთ. ვემზადებით პორტუგალიასთან თამაშისთვის, 15 სექტემბერს მორიგი ვარჯიში გვექნება, რის შემდეგაც ორი დღე დავისვენებთ.

რაც შეეხება მოთამაშეებს, სერიოზული ტრავმა არავის აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, რამდენიმე ლიმიტირებული მოთამაშე კიდევ გვყავს და სრული გუნდით ვერ ვვარჯიშობთ. ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირაში ვარჯიშებს სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ. საერთო ჯამში, სავარჯიშო პროცესი კარგად მიდის.

რაც შეეხება ავსტრალიასთან პირველ თამაშს, სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით ჩანაფიქრის ბოლომდე რეალიზება, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მოწინააღმდეგემ თავისი თამაში მოგვახვია თავს და ჩვენი გეგმა ვერ შევასრულეთ. ის შეხვედრა გავაანალიზეთ და დაშვებულ შეცდომებს გავითვალისწინებთ.

ავსტრალიასთან მატჩი უკვე წარსულია, ახლა ვეთამაშებით სხვა გუნდს. პორტუგალიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მთლიანად მასზე ვართ ფოკუსირებული და კონცენტრირებული.

მეტოქისგან ყველაფერს ველით, რისი რესურსიც აქვს. პორტუგალიელებმა ძალიან კარგად იციან, რომ დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთონ. მათ კარგად შეუძლიათ სწრაფი თამაში, ფეხით თამაში. თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენთან თამაშის რეპეტიცია მათ რაგბი ევროპის ფინალზე სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, ჩვენ უფრო სოლიდურად გამოვიყურებოდით.

მაგრამ რაგბი ევროპის ფინალი სხვაა და სულ სხვაა მსოფლიო თასი, აქ სხვა გუნდია, განსხვავებული მომზადებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიო თასზე პორტუგალიის სამიზნე საქართველოს ნაკრებია – ჩვენთან მოსაგებად ემზადებიან. ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები დავახვედროთ, მათთან სათამაშოდ შესაბამისად მოვემზადებით.

თედო აბჟანდაძე: რა თქმა უნდა, პორტუგალიის ნაკრებისთვის ამ მსოფლიო თასზე თუ ვინმე არის სამიზნე, ეს საქართველოს ნაკრებია. ერთა თასის ბოლო ორი მატჩიდან გამომდინარე, მათ ჩვენთან წარმატების მიღწევის პრეტენზია გაუჩნდათ და ეცდებიან ჩვენს დამარცხებას.

ველოდებით, რომ გახსნილად ითამაშებენ, ეცდებიან არეულ თამაშში მიაღწიონ წარმატებას, ჩვენთან დალაგებული თამაში პორტუგალიას ხელს არ აძლევს. ჩვენ კი პირიქით, ვეცდებით, როგორც წინა ორ შეხვედრაში, ამჯერადაც მშვიდად,  დალაგებულად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ.