#ტაიმაუტი | ლაშა გამყრელიძე - საქართველოს ნაკრები დიდი გუნდებისთვის საშიში მოწინააღმდეგე გახდა
#ტაიმაუტი | ლაშა გამყრელიძე - საქართველოს ნაკრები დიდი გუნდებისთვის საშიში მოწინააღმდეგე გახდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი და საკალათბურთო გუნდი „ტიტების“ პრეზიდენტი ლაშა გამყრელიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ჩვენი ნაკრების ყოფილი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის და ილიას ზუროსის შესახებ ილაპარაკა.

„ძალიან რთული თამაში გველოდება. სერბეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მაგრამ ყველა ნაკრების წევრი მწვრთნელების ჩათვლით, რა თქმა უნდა, 100 პროცენტით იბრძოლებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თამაში მოიგონ. ყველანაირად ეცდება საქართველოს ნაკრები დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა ამ 4 გუნდში.

წლიდან წლამდე გუნდი ვითარდება. განსაკუთრებით იმ დროს, როცა რამდენიმე ვარსკვლავმა დაანება თამაშს თავი. ილიას ზუროსი შედარებით უფრო დეტალებში ჩადის, მას დაცვაზე აქვს სერიოზული აქცენტი გაკეთებული და თავდასხმაში ყველამ იცის თუ რა როლი აქვს. იგორ კოკოშკოვს უყვარდა 5-6 კაცით თამაში, დღეს ვუყურებთ ილიას ზუროსს, რომელიც 8-9 კაცით თამაშობს და ყოველთვის ახალს ეძებს. კოკოშკოვი, რა თქმა უნდა, პროფესიონალია, მაგრამ ზუროსი უფრო დეტალებში ჩადის და ვფიქრობ, რომ გუნდის განვითარებისთვის და წინსვლისთვის ბევრად უფრო მეტი კარგი გააკეთა.

ევროპის ჩემპიონატისათვის ყველა ჯანმრთელად და ფორმაში უნდა იყოს. ეს ნაკრები გუნდურად აკეთებს ყველაფერს და მიდის წინ და წინ. ეს წინსვლა კი კარგად აღინიშნება ყველა თამაშში, ყოველდღე იზრდება ეს გუნდი და ყველას ეცოდინება, რომ საქართველოსთან თამაში მარტივი არ არის. საშიში მოწინააღმდეგეები გავხდით დიდი გუნდებისათვის“.