ტაიმაუტი | იმედია, სადებიუტო გოლს ოფიციალურ მატჩებშიც გავიტან - ზივზივაძე სანიოლის სიის მოლოდინშია #1TVSPORT
ტაიმაუტი | იმედია, სადებიუტო გოლს ოფიციალურ მატჩებშიც გავიტან - ზივზივაძე სანიოლის სიის მოლოდინშია #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ არ დამალა, რომ კარიერაში მკვეთრი ნახტომის ერთ-ერთი სტიმული ნაკრებში დაბრუნების სურვილით იყო განპირიბებული.

ბუდუ ზივზივაძე: „სხვათა შორის, კარგი სეზონი რომ მქონდა, იმის გავლენაა, რომ ბოლოს სანიოლის განაცხადში აღარ ვხდებოდი. არადა, მარტში, პირველ ორ შეკრებაზე გამომიძახა, მაგრამ იმ დროს თავი კარგად ვერ წარმოვაჩინე. შემდეგ უთამაშებელიც ვიყავი და ვხდებოდი, რომ ნაკრებში ადგილს ვკარგავდი და რა თქმა უნდა, ამისთვისაც გადავდგი ეს ნაბიჯი („უიპეშტში“ გადასვლა), რომ სათამაშო დრო მქონოდა, გოლები გამეტანა და ისევ ნაკრებში დავბრუნებულიყავი.

– დაბრუნება წარმატებული გამოდგა, საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გავიტანე და მაშინაც ვთქვი, რომ ამით ბავშვობის ოცნება ამიხდა. კარგი სეზონი მქონდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ახლა ნაკრებში ცენტრალური თავდამსხმელობის უპირობო პირველი ნომერი ვარ. თუმცა, კარგი შედეგიანობიდან გამომდინარე ველოდები, რომ სანაკრებო შეკრებაზე ვიქნები. ალბათ, სანაკრებო სია ამ კვირას გამოცხადდება. იმედი მაქვს, გამოძახებულებში ვიქნები და სადებიუტო გოლს ოფიციალურ მატჩებშიც გავიტან.

– ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს ბულგარეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის სახით. არც გიბრალტარზე უნდ ვიფიქროთ, რომ ეს ორი მატჩი მოგებულია. პირიქით, ყველას პატივი უნდა ვცეთ და სრული კონცენტრაციით ვითამაშოთ. მაკედონიასთან ერთა ლიგის ფინალის გამო ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი, ბულგარეთთან კი – წინა ამხანაგური დიდი ანგარიშით წავაგეთ და მათთვისაც პასუხი გვაქვს დასაბრუნებელი. ამიტომ მგონია, რომ ბიჭები მოტივირებული იქნებიან, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ნაკრებისთვის ერთა ლიგის გათამაშება ბევრს ნიშნავს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს. ამიტომ მე ძალიან მონდომებული ვარ. უნგრეთიდან ჩამოსვლის შემდეგაც არ გავჩერებულვარ, ყოველდღე ვვარჯიშობ, ტონუსში რომ ვიყო და ფორმა არ დავკარგო.

– დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს და ეს ოთხი თამაში ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, თან ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლითი მატჩები გვაქვს. ჩრდილოეთ მაკედონია ძალიან გამოცდილი გუნდი გახდა, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში იტალია ჩატოვა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, მაგრამ ჩვენი ნაკრების იმედი მაქვს – თუ ბოლო თამაშების მსგავსად მეკარე და დაცვა ამ ოთხ მატჩიც საიმედოდ ითამაშებს, იმედია, ჩვენი წარმატებული სერია გაგრძელდება“.