ტაიმაუტი | იმედია, მათთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება - ზივზივაძემ არგენტინის წაგებაზე ისაუბრა #1TVSPORT
ტაიმაუტი | იმედია, მათთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება - ზივზივაძემ არგენტინის წაგებაზე ისაუბრა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

„ჩემპიონატი ძალიან მძიმედ დაიწყო და ბევრი 0:0 იყო, იყო კარგი თამაშებიც, ინგლისმა 6:2 მოიგო, გუშინ ესპანეთმა — 7:0 და, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ფეხბურთი აჩვენა. ასევე ვიტყვი, რომ კარგად ითამაშა საფრანგეთმა, რომლის გულშემატკივარიც ვარ.

სენსაციას რაც შეეხება, არ მახსენდება ისეთი, როგორიც საუდის არაბეთმა არგენტინასთან მოახდინა. ყველა ფიქრობს და უნდათ, რომ არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. ამიტომ მისი მარცხი მოულოდნელი იყო. მაგრამ ვინც უფრო ინდომებს, ის უფრო იგებს.

ჩემგან უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც კი თამაში დაიწყო, ეტყობოდათ, რომ ძალების დაზოგვით სურდათ მოგება და შემდეგი თამაშებისთვის მოემზადებოდნენ. სხვათა შორის, პირველი ტაიმი კარგად ითამაშეს, შექმნეს მომენტები და გოლები თამაშგარეს გამო გაუუქმეს.

მაგრამ მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ საუდის არაბეთი უფრო მონდომებული იყო — ხუთ წუთში ორი გოლი გაიტანეს და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვება მოუტანეს. არადა, მეგონა, რომ არგენტინა მოიგებდა. მაგრამ მეორე ნახევარში მომენტები ვერ გამოიყენეს. თანაც ძირითადად დი მარიას ტვირთავდნენ, რომელიც ფორმაში არაა. იმედია, მათთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“.