ტაიმაუტი | გურამ კაშია - ზაფხულში უკეთესი წინადადება თუ იქნება, სიამოვნებით განვიხილავ #1TVSPORT
ტაიმაუტი | გურამ კაშია - ზაფხულში უკეთესი წინადადება თუ იქნება, სიამოვნებით განვიხილავ #1TVSPORT

გურამ კაშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ჩემპიონატზე ილაპარაკა. ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველის აზრით, ეროვნული ლიგის დონის აწევა ფეხბურთელებზეცაა დამოკიდებული.

„საქართველოს ჩემპიონატში დონე ცოტა დაბალია, მაგრამ საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატებთან შედარებით არც ისეთი დიდი სხვაობაა. მთავარი ფიზიკური მომზადებაა, ეს კი თითოეულ მოთამაშეზეა დამოკიდებული, რადგან გუნდში 1,5-საათიანი ვარჯიში ინდივიდუალურად ვერ მოგამზადებს. თუ გვინდა ნაკრებში თამაში, მოვინდომებთ და სწორად ვივარჯიშებთ, ჩემპიონატის დონის აწევა შეიძლება. „ლოკომოტივში“ ბევრი ნიჭიერი გუნდელი მყავს, მაგრამ უნდა მოუმატონ. ბიჭებთან ვილაპარაკე, რომ ნაკრებში მოხვედრის შანსი საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებსაც აქვთ. მთავარია, საამისო ამბიცია“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

მან თავის მომავალთან დაკავშირებითაც ილაპარაკა:

„დღეს ფეხბურთელობა თუ გინდა, ინგლისური აუცილებლად უნდა იცოდე. თავიდან ურთიერთობაც მიჭირდა, რადგან ენა არ ვიცოდი. მაგრამ მერე „ვიტესში“ კაპიტანი გავხდი, რასაც ვერც წარმოვიდგენდი. ამერიკაში ძალიან დიდ გამოცდილება შევიძინე. სხვათა შორის, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, ვიდრე ჰოლანდიაში. ძალიან გავიზარდე და შრომა იქ ვისწავლე. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ზაფხულში უკეთესი ლიგიდან თუ იქნება წინადადება, სიამოვნებით განვიხილავ. უფრო შორეულ მომავლისთვის კი მენეჯმენტსაც ვსწავლობდი, მწვრთნელობაც მინდა და ტელეწამყვანობაზეც ვფიქრობ“.

კაშიამ „ლოკომოტივზეც“ ილაპარაკა: 

„გიორგი ჭიაბრიშვილთან მუშაობა ძალიან მომწონს, თანამედროვე მწვრთნელია. „ლოკომოტივში“ დიდ სიამოვნებას ვიღებ, უკეთესი მინდვრები თუ იქნება, უკეთესი ფეხბურთელებიც ჩამოვლენ. სადაც ვარ, კმაყოფილი ვარ და ფორმაშიც შევედი. ჩვენ სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. „თელავთან“ 3:2 მოვიგეთ, „სამტერდიასთან“ 3:0-ს ვიგებდით, ანგარიში გათანაბრდა და 4:3 მოვიგეთ. გუშინ კი „სამგურალთან“ 2:3 წავაგეთ – პირველ ტაიმში 5 გოლი გავიდა. გულშემატკივრის ხმა დიდი მოტივაციაა. ესპანეთთან ხალხი რომ მოვიდა, სასწაული გარემო იყო“.