#ტაიმაუტი | გიორგი დემეტრაძე „ლოკომოტივის“ შანსებზე - „გრანადა“ ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე (ვიდეო)

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ ევროპალიგაზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და ესპანური „გრანადას” დღევანდელ მატჩზე ილაპარაკა.

„თბილისის „ლოკომოტივის“ წარმატებაში თავიდან ეჭვი მეპარებოდა. მოსკოვის „დინამოს“ გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს. გასულ სეზონში მის თამაშებს ვუყურებდი, რადგან მთავარი მწვრთნელი ჩემი მეგობარი დიმა ხოხლოვი იყო. მაშინ გუნდი უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა. „ლოკომოტივის“ წარმატება უფრო მონდომების და ბრძოლის შედეგია. ბიჭებმა რუმინელებთან მოგების შემდეგ ირწმუნეს, რომ თამაში შეუძლიათ და რომ მეორე რაუნდის გადალახვაც რეალური იყო. გუნდმა მოსკოველებთან სწორად ითამაშა, სწორი ტაქტიკა აირჩია და გაიმარჯვა. მომავალი მეტოქე „გრანადა“ უფრო ძლიერია,“ – ამბობს გიორგი დემეტრაძე.

გადაცემის წამყვანის, ვლადიმირ გუცაევის თქმით, მოსკოველებმა თბილისში ნათამაშებ მხოლოდ ერთ ფეხბურთელში, მაქსიმილიან ფილიპეში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს. დემეტრაძის თქმით, ამ თანხად საქართველოში ძლიერი გუნდი გაკეთდება:

„20 მილიონად, თუ ყველაფერი სწორად დაგეგმე, კარგი ინფრასტრუქტურა ააწყვე და ფეხბურთელებს სწორად შეარჩევ, ძლიერი გუნდის გაკეთება შეიძლება, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდება“.

დემეტრაძემ „გრანადასთან“ „ლოკომოტივის“ შანსები შეაფასა:

„ლა ლიგაში სუსტი გუნდი არ არის. „გრანადას“ ყველა რგოლში მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. გამორჩეული რობერტ სოლდადოა, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი. ესპანელები ბურთს კარგად აკონტროლებენ და შუა ხაზი თუ დავთმეთ, ჩათვალეთ, რომ თამაშს წავაგებთ. ესპანელებთან თამაში ძალიან რთული იმიტომაცაა, რომ ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად ძალიან კარგად მომზადებულები არიან. ყველანაირად პროფესიონალები არიან. წინ გველის საინტერესო თამაში და გეთანხმებით, ზედმეტი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თუმცა, ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე. თანაც, ახლა ერთი თამაშია და თუ ჩვენები მაქსიმუმს გააკეთებენ, შეიძლება, რომ ესპანეთიდან შედეგით წამოვიდნენ“.

დატოვე კომენტარი