ტაიმაუტი | ეთერ ლიპარტელიანი - არ გვქონდა უფლება, რომ გულშემატკივარი გულდაწყვეტილი დაგვეტოვებინა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ეთერ ლიპარტელიანი - არ გვქონდა უფლება, რომ გულშემატკივარი გულდაწყვეტილი დაგვეტოვებინა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ლუკა მაისურაძემ, გიორგი სარდალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს.

ლუკა მაისურაძე: მსოფლიო ჩემპიონობა დაუვიწყარი ემოცია იყო. სპორტული თვალსაზრისით ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ფინალში მე და ლაშა ბექაური დამსახურებულად გავედით. უკვე ვიცოდით, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალი ჩვენ დაგვრჩებოდა და დღე საქართველოს ჰიმნით დაიხურებოდა, რაც დიდი ბედნიერება იყო. ჩემსა და ლაშას შორის უნდა გარკვეულიყო მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა. ისე მოხდა, რომ პირველად კარიერაში ეს ტიტული მე მოვიპოვე.

გუნდური ასპარეზობა სულ სხვა განწყობა და პასუხისმგებლობაა, ერთი ჯაჭვით ხარ გადაბმული. გოგონების წარმატებამ ჩვენს განწყობაზეც დადებითად იმოქმედა, შემდეგ უკვე ჩვენი გაჩერება რთული იყო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალიც მოვიპოვეთ.

ბრაზილიასთან 2:3 ვაგებდით და ანგარიში გავათანაბრე. წილისყრით ისევ ჩვენი წონა ამოვიდა  და მაშინვე მომიწია ტატამზე დაბრუნება. ფსიქოლოგიურად რთულია, როცა შენზეა დამოკიდებული, რას იზამს გუნდი, თან გამარჯვებული ოქროს ქულით ვლინდება და შეცდომის უფლება არ გაქვს. საბოლოოდ, დაძაბული შეხვედრა მოვიგე და მომდევნო ეტაპზე გავედით.

ჩემს გეგემებში ბევრი არაფერი შეცვლილა. ამ ჩემპიონატმა დამანახა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და გავაგრძელებ მუშაობას.

გიორგი სარდალშვილი: დაძაბული და საპასუხისმგებლო იყო, რომ შეჯიბრებას მე ვიწყებდი. მოხარული ვარ, რომ ჩემი მედლით გუნდს მუხტი მივეცი და მომდევნო დღეებშიც წარამტებით ვიასპარეზეთ. ძალიან სასიხარულო იყო შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში წარმატებაც.

გამიმართლა და მიხარია, რომ ასეთ დროს მოვხვდი ნაკრებში და ამ გუნდის ნაწილი ვარ. მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მეტი წარმატების მისაღწევად.

ეთერ ლიპარტელიანი: ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრა იყო გერმანიასთან. არ გვქონდა უფლება, რომ დავნებებულიყავით და გულშემატკივარი გულდაწყვეტილი დაგვეტოვებინა. საბრძოლველად მოტივირებული გავედი. ძალიან გვინდოდა, რომ მედალი მოგვეპოვებინა, ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით, კარგი გუნდი ვიყავით.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რამდენიმე დღე დავისვენებთ. პირველ შეკრებას ბაკურიანში გავივლით, მზადებას ხორვატიაში გავაგრელებთ, შემდეგ კი ჩავებმებით გრანდ სლემებისა და გრან პრის ასპარეზობებში.