ტაიმაუტი | ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ვოლკოვთან - ვილი სანიოლს ფეხბურთელებამდე სათქმელი იოლად მოაქვს [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანული „ზირას“ 26 წლის ქართველ ფორვარდ დავით ვოლკოვს გამორჩეული სეზონია აქვს. გარდა იმისა რომ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და უზბეკეთთან გოლიც გაიტანა, იგი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბომბარდირთა დავასაც ერთპიროვნულად ლიდერობს. „ზირასა“ და უკვე საქართველოს ნაკრების შემტევმატაიმაუტის“ შეკითხვებს უპასუხა და ექსკლუზიურ ინტერვიუში ნაკრებში გატარებულ დღეებსა და საკლუბო გეგმებზე ისაუბრა.

– შეგიძლია გაიხსენო ემოცია, როცა შვედეთთან თამაშის დროს გითხრეს, რომ მოედანზე უნდა შესულიყავი…

– ამ მომენტის გახსენება ჩემთვის ახლაც ემოციურია. მაშინ, უბრალოდ ერთს ვფიქრობდი – შევსულიყავი და ჩემი საქმე გამეკეთებინა.

– როგორ შეაფასებ შენ თამაშს შვედეთთან, გამოგივიდა რაც გინდოდა?

– თამაშამდე რა დავალებებიც მივიღე მწვრთნელებისგან, ვეცადე ყველაფერი სტადიონზე გადამეტანა და ვფიქრობ, გამომივიდა.

– როდის გაიგე, რომ უზბეკეთთან ძირითადში იწყებდი და რა დიალოგი გქონდა სანიოლთან შვედეთთან თამაშის შემდეგ.

– თბილისში რომ ჩამოვედით, პირველი ვარჯიში აღდგენითი იყო, ვხურდებოდი. მოვიდა სანიოლი და მკითხა ვიყავი თუ არა მზად უზბეკეთთან თამაშის დასაწყებად. მე ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი.

– ნაკრებში პირველი გოლის მნიშვნელობა… 

– ეს გოლი ჩემთვის სრულიად გასხვავებული ემოცია იყო. ბედნიერი ვარ, რომ დებიუტშივე გოლის გატანა მოვახერხე.

სანიოლს როგორ დაახასიათებ?

– როგორც პროფესიონალს, ასევე პიროვნებას დადებითად შევაფასებ. მას მარტივად მოაქვს ფეხბურთელებამდე სათქმელი. ამის მაგალითი შვედეთთან თამაში იყო – სწორი დავალებები მივიღეთ და სწორი ტაქტიკით ვითამაშეთ. შედეგიც სახეზეა.

– კლუბზეც გკითხავთ. „ზირა“ რომელიც გრანდად არ ითვლება ახლა მესამე ადგილზეა. თქვენი მიზანი ამ პოზიციის შენარჩუნება და ევროთასებზე გასვლაა, თუ უფრო მაღალი მიზნებიც გაქვთ?

– „ზირა“ ამბიციური გუნიდია, გვყავს ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელიც ყველა თამაშში გამარჯვებას გვთხოვს. ვერ ვიტყვი, რომ მესამე ადგილი ჩვენი მაქსიმუმი იქნება. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ.

– ბოლო ტურში ისევ გაიტანე და ცხრა გოლით კიდევ უფრო გაიმყარე ბომბარდირებში ლიდერობა. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის პირადი ტიტული და ვისგან ელი ყველაზე დიდ კონკურენციას?

– ჩემთვის გოლები მნიშვნელოვანია და ვეცდები, რომ სეზონის ბოლომდე გავაგრძელო ასეთი შედეგიანობა. რაც შეეხება კონკურენციას, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს და სეზონის ბოლომდე დიდი კონკურენცია იქნება.

– რომელი მიგაჩნია ამ ცხრიდან საუკეთესო გოლად?

– ჩემთვის ყველა გოლს თავისი მნიშვნელობა და ხასიათი აქვს, თავის ემოცია მოაქვს. ვერ გამოვარჩევ… ერთადერთი, განსხვავებული ემოცია ნაკრებში გატანილი გოლია.

– გოლი ნაკრებში, საუკეთესო ბომბარდირის ტიტული აზერბაიჯანის ჩემპიონატში, რეალური შანსი, რომ გახვიდეთ ევროტურნირებზე… როგორ ფიქრობ, რამდენად გაზრდის ეს შენდამი დაინტერესებას და უკვე ხომ არის შემოთავაზებები?

– სამომავლოდ რა იქნება, ჯერ რთული სათქმელია. უბრალოდ მინდა, რომ სეზონის ბოლომდე ასეთივე შედეგიანობით გამოვირჩეოდე და ჩემპიონატი რომ დამთავრდება, შემდეგ უფრო მარტივი იქნება იმის გადაწყვეტა, სად გავაგრძლებ კარიერას.

დავით ვოლკოვმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2012 წელს საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ დაიწყო. „ზირამდე“ იგი „დინამო თბილისში“, საჩხერეს “ჩიხურაში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „საბურთალოში“ და სერბეთის „ზემუნში“ თამაშობდა. ახლანდელ კლუბში კი ასევე აზერბაიჯანული „გაბალადან“ გასულ წელს გადავიდა.