ტაიმაუტი | ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ რონინიომ და პეტრიმ ევრო 2022-ზე ითამაშონ - ასათიანმა ნაკრების ლეგიონერებზე ისაუბრა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ რონინიომ და პეტრიმ ევრო 2022-ზე ითამაშონ - ასათიანმა ნაკრების ლეგიონერებზე ისაუბრა #1TVSPORT

ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ რონინიოსა და ბრუნო პეტრის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ტაჯიკეთთან შეხვედრებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ბელგიის „ჰალე-გოოიკში“ გადასული რონინიო ვერ დაეხმარა. ასევე ტრავმა აწუხებდა ბრუნო პეტრი ბრანკოსაც (ხაენი, ესპანეთი), რომელიც გუნდისთვის ასევე მნიშვნელოვანი ძალაა.

„რონინიოს რაც შეეხება, მას მიკრო ტრავმა ჰქონდა, ისევე როგორც ბრუნო პეტრის. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ 22 იანვრისთვის ორივე მათგანი მზად იქნება. ჩვენი ექიმები საამისოდ ყველაფერს აკეთებენ. მჯერა, რომ ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში 19 იანვარს გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გრონინგენში ჩაატარებს. პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებს 22 იანვარს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ექნება.