ტაიმაუტი | ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი - ლაშა ბექაური ქართული გენის გამოვლინებაა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი - ლაშა ბექაური ქართული გენის გამოვლინებაა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და ჩემპიონი ლაშა ბექაური სტუმრობდნენ.

მწვრთნელმა ჯერ ზოგადად შეაფასა შეგირდების გამოსვლა, შემდეგ კონკრეტულ წონებზე ილაპარაკა.

„შედეგი დამაკმაყოფილებელია. ჩვენი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლაა. ევროპის ჩემპიონატი იყო ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, სადაც ხარვეზები უნდა დაგვენახა და გამოგვესწორებინა. პირდაპირი შეფასებით ევროპის ჩემპიონატს ოლიმპიადისთვის რეპეტიციას დავარქმევდი.

ველოდი თუ არა გუნდურ პირველობას კაცებში? ვინც მიცნობს, მოეხსენება, რომ ყოველთვის პირველობისთვის ვიბრძვი. მითუმეტეს, ამ ბიჭებთან, ამ გუნდთან ერთად. ჯერჯერობით ვამართლებთ.“

ლაშა გუჯეჯიანმა მოკლედ მიმოიხილა ქართველთა გამოსვლა თითოეულ წონაში.

60 კგ-ში გუნდის ერთპიროვნული ლიდერი ლუხუმ ჩხვიმიანი ისვენებდა. თემურ ნოზაძემ გრანდ სლემებზე თავი გამოიჩინა და დაიმსახურა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. თუმცა, სამწუხაროდ, თავი ვერ გაართვა იმ დავალებას, რაც ჰქონდა. მწვრთნელთა საბჭო იმსჯელებს მიზეზებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე იმსჯელებს.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი ჭიდაობდა. იმ ეტაპზე, რომელზეც ოლიმპიადისთვის მზადებაში ვართ, ვაჟამ ამოცანას თავი გაართვა. იყო ხარვეზები ტაქტიკურ ნაწილში, რომელიც მარტივად აღმოსაფხვრელია. მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც მისასალმებელია. ის პოტენციალი, რაც მას გააჩნია, ვერცხლით არ შეიძლება იზომებოდეს.

73 კგ-ში გამოდიოდა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. მას ოლიმპიადაზე ოქროსთან ერთად ბრინჯაო აქვს მოპოვებული. ლაშა ოლიმპიური სპორტსმენია, რომელიც სრულ კონცენტრირებას ოლიმპიურ თამაშებზე ახდენს. ასორედ ეს იყო მიზეზი, ევროპაზე შედეგი რომ არ ჰქონდა. კონკრეტული შეფასება ოლიმპიადის შემდეგ გავაკეთოთ.

81 კგ-ში წარმომადგენელი არ გვყავდა. რომ არა კოვიდის ვირუსი, ლუკა მაისურაძე ლისაბონში ჩვენთან ერთად მოემგზავრებოდა. მზად იყო. ამ წონაში გვყავს ტატო გრიგალაშვილი. მის სპორტულ გეგმებში არ ჯდებოდა ევროპის ჩემპიონატი, არც სამოტივაციო იყო… ჩემი ხედვები მაქვს, როგორ უნდა მოაშიო, მოაწყურო სპორტსმენი, რომ შემდეგ გავიდეს და მაღალი შედეგი უჩვენოს. სწორედ ამას ემსახურებოდა ტატოს არყოფნა ევროპაზე.

90 კგ-ში სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა – ქართული ფინალი ვიხილეთ. ლაშა ბექაური ქართული გენის, ქართული ბრძოლისუნარიანობისა და ჟინის გამოვლინებაა, რომლითაც ყველა ერთად ვამაყობთ. დადგა მომენტი, როდესაც ძლიერს უნდა გაემარჯვა. ლაშას ვულოცავ ამ წარმატებას.

-100 კგ-ში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანს ძალიან ბევრი მედალი აქვს მოპოვებული ევროპის ჩემპიონატებზე. ამჯერად ვერცხლი მოიგო. მისთვისაც მთავარი მიზანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია. ქართული ძიუდოს მომავლის თვალსაჩინო მაგალითია ილია სულამანიძე. არ ვუყურებ იმას, აქვს თუ არა მედალი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც დარჩა უმედლოდ, ეს მისი სიჭაბუკეა. არ არის მზად იმისთვის, რასაც ქმნის. მტრისას და ავისას, ის რომ დაკაცდება.

მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი გამოდიოდა. ისიც ოლიმპიადისთვის მზადების გარკვეულ ეტაპზეა. ვფიქრობ, მის შემთხვევაშიც ყველაფერი კარგად იქნება. ამავე წონაში ლევან მატიაშვილი ასპარეზობდა, რომელიც გელა ზაალიშვილის ავადმყოფობიდან გამომდინარე მოხვდა გუნდში. ლევანს ფეხის ტრავმა ჰქონდა და არ იყო ამ ტურნირისთვის ბოლომდე მომზადებული. თუმცა, მომზადებული და მოტივირებული მატიაშვილი შედეგის „დამდები“ სპორტსმენია.