#ტაიმაუტი | დიეგო მარადონა - კარგი იქნებოდა, არსებობდეს სამართლიანობა, მდიდრებს ნაკლები ჰქონდეთ, ღარიბებს კი მეტი (ვიდეო)

დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. ოჯახისთვის მეხუთე ბავშვი და პირველი ბიჭი იყო. მისი წინაპრები იტალიიდან იყვნენ. ამბობენ იმასაც, რომ დიეგო დიდი მოგზაურის მარკო პოლოს შორეული ნათესავი გახლდათ.

მამა, დონ დიეგო ქარხანაში მუშაობდა, დედა დალმა შვილებს უვლიდა. დიეგოს შემდეგ მათ კიდევ ორი ბიჭი შეეძინათ. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რასაც ლეგენდარული ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად იხსენებდა.

„სიღარიბე ცუდია, ძალიან რთულია. მე ეს კარგად ვიცი. ელემენტარულ საჭიროებასაც ვერ იკმაყოფილებ და ამაზე მხოლოდ ოცნებობ. კარგი იქნებოდა, არსებობდეს სამართლიანობა, მდიდრებს ნაკლები ჰქონდეთ, ღარიბებს კი მეტი,“- თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

თავად რას აკეთებდა ამ სამართლიანობის აღსადგენად, ძნელი სათქმელია, დიეგოს საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება რთულია. არსებობს მხოლოდ 1984 წელს ნეაპოლის უღარიბეს გარეუბანში გადაღებული კადრები, სადაც ის ტალახიან მოედანზე თამაშობს იმისათვის, რომ ავადმყოფ ბავშვს ოპერაციის ფული შეუგროვოს.

ფეხბურთის თამაში სწორედ ასეთ მოედნებზე დაიწყო. ამ სპორტით ის სამი წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც დაბადების დღეზე ბიძაშვილისგან საჩუქრად ბურთი მიიღო. როგორც ამბობენ, 6 თვის მანძილზე, ამ ბურთთან ერთად ეძინა, თანაც მაისურის ქვეშ მალავდა, რომ ვინმეს არ მოეპარა. არსებობს ისტორია, როგორ გადაარჩინა სიკვდილს ერთ-ერთ ღამეს პატარა დიეგო საკუთარმა ბიძამ. სიბნელეში სახლიდან გაპარული ბიჭი საკანალიზაციო არხში ჩავარდა და მისი იქიდან ამოყვანა ბიძამ ძლივს მოახერხა.

11 წლის იყო, როდესაც პირველად მოხვდა პრესის ფურცლებზე. მაშინ ადგილობრივ გუნდში თამაშობდა და ზედიზედ 140 მატჩის მოგება შეძლო. პატარა ტალანტზე გაზეთმა კლარინმა დაწერა: გამოჩნდა ბიჭი რომელსაც ვარსკვლავობის პოტენციალი და ნიჭი აქვს, აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს ბავშვიო. თუმცა ჟურნალისტს დიეგოს გვარი შეეშალა და ის კარადონად მოიხსენია.

მარადონას პირველი კლუბი „არხენტინოს ხუნიორსი“ იყო. პირველი რამდენიმე შეხვედრა დუბლებში სხვისი სახელით ჩაატარა, რადგან რეგლამენტის მიხედვით, 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს გუნდში თამაშის უფლება არ ჰქონდათ. 1976 წელს, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე 10 დღით ადრე არგენტინის პრიმერაში მისი ოფიციალური დებიუტი შედგა. 16 ნომრიანი მაისურით მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა. ის შეხვედრა მისმა გუნდმა 0:1 დათმო. 14 ნოემბერს მარადონამ ჩემპიონატში, „სან ლორენსოს“ კარში, თავისი პირველი გოლი გაიტანა, რამდენიმე წუთში კი მეორეც.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დიეგომ ეროვნულ ნაკრებში უფრო ადრე ითამაშა, ვიდრე ასაკობრივში. ეროვნული გუნდის მაისური მან პირველად 1977 წლის 27 თებერვალს, უნგრეთთან ამხანაგური მატჩის დროს მოირგო, ახალგაზრდულის კი თვენახევრის შემდეგ.

1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა მასპინძლობდა. მარადონა ნაკრების კანდიდატთა სიაში იყო, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მთავარმა მწვრთნელმა მენოტიმ ის საბოლოო შემადგენლობაში არ შეყვანა. მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას მენოტის არასდროს აპატიებდა. ის ჩემპიონატი არგენტინამ დიეგოს გარეშე მოიგო.

4 წლის შემდეგ მარადონა ევროპის დასაპყრობად გაემგზავრა. „ბარსელონამ“ მასში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც იმ პერიოდისთვის რეკორდული თანხა იყო. კატალონიაში სულ რაღაც 2 წელი გაატარა, თუმცა გულშემატკივრებმა ის გუნდის ყველა დროის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელეს. თავად არგენტინელმა „ბარსელონაში“ გადასვლას შეცდომა უწოდა.

ამას მოჰყვა „ნაპოლი“. მარადონას ტრანსფერიდან სამ წელიწადში გუნდი, ისტორიაში პირველად, იტალიის ჩემპიონი გახდა. მაშინ ქალაქში არსებული ქანდაკებების დიდი ნაწილი 10 ნომრიანი მაისურებით შემოსეს. იმ სეზონის ჰიტი კი გახდა პიცა, რომელსაც არგენტინელის სახელი უწოდეს.

ნაპოლიში“ თამაშის დროს მარადონა ფუფუნებაში ცხოვრობდა და უარს არაფერზე ამბობდა. ეს ჩვევა მას ბოლომდე გაჰყვა და 42 მილიონ ევრომდე ვალი დაუგროვდა. ჰქონდა ისეთი პერიოდებიც, როცა ვალების დასაფარად, საკუთარი „როლექსისა“ და ცნობილი ბრილიანტის საყურეების აუქციონზე გაყიდვაც მოუწია.

მარადონას საუკეთესო სეზონი 1986 წელს ჰქონდა. იმ წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და ღმერთის ხელით გატანილ გოლზე იმ ადამიანებმაც კი იციან, რომლებსაც ფეხბურთი დიდად არ აინტერესებთ. დიეგომ მუნდიალზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა და მაშინვე მიიღო შეთავაზება „მილანისგან“. ბერლუსკონიმ არგენტინელს ორჯერ მეტი თანხა შესთავაზა, ვიდრე მას ნეაპოლში უხდიდნენ. ასევე ქალაქის ცენტრში ბინასა და მისი კომპანიის აქციებსაც შეპირდა. მარადონამ ის უარით გაისტუმრა, მადლობის ნიშნად კი „ნაპოლისგან“ ფერარი ეფ 40 მიიღო.

კითხვაზე, თუ რამდენი შვილის მამა იყო, დიეგო პასუხობდა, ეს მხოლოდ ბუნებამ იცისო. დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ქორწინებიდან მხოლოდ ორი ქალიშვილი დალმა და ჯანინა ჰყავდა. თუმცა 2016 წელს მან 29 წლის დიეგო უმცროსი აღიარა შვილად, რომელიც იმ დროისთვის უკვე 29 წლის იყო. ამის შემდეგ გაჩნდა იანა, რომელიც მარადონამ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ცნო შვილად. ბოლოს კი ქვეყანას დიეგო ფერნანდო მოევლინა, რომელიც ახლა 7 წლისაა.

ფეხბურთის ლეგენდა სამაგალითო საქციელით არასდროს გამოირჩეოდა. მის ნარკოდამოკიდებულებაზე, პოლიტიკურ შეხედულებებსა და სკანდალურ საქციელზე ბევრი ითქვა და დაიწერა. არ უყვარდა ჟურნალისტები და მათთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა მოედანზე გატარებული წლების გამო, სოცოცხლის ბოლომდე ლეგენდარულ ფეხბურთელს ყოველივე ამას პატიობდნენ.

 

რამდენიმე ფაქტი დიეგოს ცხოვრებიდან:

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა-ს თხოვნით მიმართა, 10-იანი სამუდამოდ მარადონას ნომრად დარჩეს.

მისმა პირველმა გუნდმა „არხენტინოს ხუნიორსმა“ საკუთარ სტადიონს მარადონას სახელი დაარქვა. ასევე მოიქცა „ნაპოლი“.

როდესაც კარლოს ბილარდოს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სასტარტო შემადგენლობის დასახელება სთხოვეს, მან თქვა, მარადონა და კიდევ 10 ფეხბურთელიო.

1998 წელს როსარიოში გულშემატკივრებმა მარადონას ეკლესია დაარსეს, რომელსაც მიმდევრები მთელს მსოფლიოში გამოუჩნდა. ისინი წელთაღრიცხვას დიეგოს დაბადების დღიდან იწყებენ.