ტაიმაუტი | ბუდუ ზივზივაძე - „ფეჰერვარში“ ჩემს გაშვებას ნანობენ, ლამის ყოველდღე ახალ კონტრაქტს მთავაზობენ #1TVSPORT
ტაიმაუტი | ბუდუ ზივზივაძე - „ფეჰერვარში“ ჩემს გაშვებას ნანობენ, ლამის ყოველდღე ახალ კონტრაქტს მთავაზობენ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელმაც უნგრეთში სეზონი ჩინებულად დაასრულა და 13 გოლით ბომბარდირთა ხუთეულში მოხვდა, 12 ჩატარებული მატჩის შემდეგ კი ცხრაჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, რაც ქართველი ლეგიონერებისთვის აბსოლუტური რეკორდია.

ბუდუ ზივზივაძე: „სეზონი რთულად დაიწყო, რადგან „ფეჰერვარში“ ბევრი თამაში არ მომიწია, შემდეგ იყო კორონა, მცირე ტრავმა და ამანაც გავლენა მოახდინა, მწვრთნელი რომ არ მათამაშებდა. წრის ბოლოს ვკითხე ჩემი მომავლის შესახებ, მითხრა, რომ ვჭირდებოდი, მაგრამ ზამთრის შესვენების შემდეგ რომ დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ ძირითად შემადგენლობაში აღარც განვიხილებოდი, განაცხადშიც არ შევყავდი.

– გადავწყვიტე, იჯარით წავსულიყავი, სათამაშო პრაქტიკა რომ მქონოდა. ახლა ბედნიერი ვარ, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი, რადგან წარმატებული სეზონი მქონდა და კმაყოფილი ვარ. „ფეჰერვარში“ სპორტულ დირექტორს რომ ვკითხე წასვლაზე, მითხრა, ჯობს, იჯარით წახვიდე და ითამაშო, ვიდრე ჩვენთან განაცხადშიც არ ხვდებოდეო. მეც და ჩემმა მენეჯერმა გადავწყვიტეთ, „უიპეშტში“ წავსულიყავი.

– ამაში დიდი როლი გიორგი ბერიძემ ითამაშა, რადგან თითქმის ყოველდღე მწერდა, რომ გადავსულიყავი, კარგ დუეტს შევქმნითო და მართლა ასე აღმოჩნდა. ახალ პარტნიორებთან შეგუება რამ გამიადვილა? საგაზაფხულო სეზონისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. სამი წელი უნგრეთში ვთამაშობ და თითქმის ყველა ფეხბურთელი მიცნობს. ამავე დროს, გიორგი ბერიძის დახმარებით ყველა ფეხბურთელთან ურთიერთობა ადვილად დავამყარე და ვარჯიშებზე ერთმანეთს ადვილად შევეწყვეთ.

– ძალიან დამეხმარა პირველივე შეხვედრაში „ფეჰერვართან“ რომ გავიტანე, ამან თავდაჯერება შემმატა. დიდი ხანი არ მქონდა ნათამაშები, თავდამსხმელისთვის კი გოლი კარგია. ამის შემდეგ „იხსნება“ და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. იყო მოტივაციაც, რომ დამემტკიცებინა, თამაში შემეძლო, მაგრამ უპირველესად, ეს საკუთარი თავისთვის მსურდა დამემტკიცებინა.

– „ფეჰერვარში“ ფსიქოლოგიურად კარგად არ ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, რომ კარიერა შემომებრუნებინა. ასევე მსურდა დამემტკიცებინა „ფეჰერვარისთვის“, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ნანობენ, ლამის ყოველდღე მირეკავენ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმოთ. მწვრთნელის ნდობა იყო მნიშვნელოვანი, რასაც „ფეჰერვარში“ ვერ ვგრძნობდი“.