ტაიმაუტი | ავთანდილ ასათიანი - რატომ არ უნდა ვიფიქროთ მეოთხედფინალზე #1TVSPORT
ტაიმაუტი | ავთანდილ ასათიანი - რატომ არ უნდა ვიფიქროთ მეოთხედფინალზე #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ავთანდილ ასათიანთან. მან ევრო 2022-ის D ჯგუფის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა, რომელშიც ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

„ბოსნიის ნაკრების შესწავლა დავიწყეთ. რატომაც არ უნდა ვიფიქროთ მეოთხედფინალზე? რეალობა გვაჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, პლეი ოფში მოვხვდეთ. მთავარია, რომ სწორი ანალიზი გამოვიტანოთ ესპანეთის ბოსნიასთან 5:1 გამარჯვებისგან“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეფასებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა ჯგუფის აშკარა ფავორიტთან, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ძალები დაზოგა.

„ბოსნიის ნაკრებს აშკარად ეტყობოდა, რომ მათ ძალები შეინახეს და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ – ალბათ, სწორადაც მოიქცნენ. მოედანზე ისევე უნდა გავიდეთ, როგორც აზერბაიჯანთან, ქულების მაქსიმუმი რომ მოვიპოვოთ და მესამე თამაშისთვის უფრო კარგი განწყობა გვქონდეს“, – ამბობს ასათიანი.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გრონინგენის მარტინი პლაზაში დღეს მორიგი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. აზერბაიჯანთან გამარჯვების შემდეგ, 23 იანვარს, საქართველოს ნაკრებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდა, დღეიდან კი გუნდი სრული დატვირთვით განაგრძობს მზადებას.

ევრო 2022-ის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ. მეორე ტურის მატჩები 26 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინამ პირველ ტურში ესპანეთთან 1:5 წააგო და პლეი ოფში გასასვლელი შანსის შესანარჩუნებლად მოგება სჭირდება. ჩვენი გუნდი კი მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.

საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებების მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.