ტაბატაძემ ყაზახეთში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

თომა ტაბატაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში გამორჩეულ სეზონს ატარებს. 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მე-17 ტურში დუბლი შეასრულა და „აკჟაიკს“ (სადაც ლუკა იმნაძეც თამაშობს) „ატირაუსთან“ მოგებაში (4:2) დაეხმარა.

ტაბატაძე ყაზახურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა და ჯერ თავი სათასო შეხვედრებში გამოიჩინა (5 გოლი), ახლა კი „აკჟაიკს“ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება. ჩემპიონატში ქართველმა ფორვარდმა 3 მატჩი ჩაატარა და „ატირაუსთან” შეხვედრაში სადებიუტო გოლები გაიტანა.

ტაბატაძის აქტიურობას მოჰყვა პირველი გოლი, მან მე-20 წუთზე გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 45+2-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავადვე შეასრულა და ახალ კლუბში დუბლი პირველად გაიფორმა. მან 74 წუთი ითამაშა, ლუკა იმნაძემ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

აკჟაიკში“ ტაბატაძის თანაგუნდელი ეროვნული ლიგიდან არა მხოლოდ იმნაძე, არამედ, მოლდოველი მეკარე სერგეი სიკაჩიც, რომელიც 4 წლის განმავლობაში საქართველოში თამაშობდა – ფოთის „კოლხეთში“, „დინამო თბილისსა“ და „სამტრედიაში“.

ჩემპიონატის განახლების შემდეგ ტაბატაძის ანგარიშზე მონაგარი 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, „აკჟაიკმა“ კი ზედიზედ 2 მატჩი მოიგო.