სწრაფი აზროვნება აქვს და გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს - „დინამოს“ ყოფილმა მწვრთნელმა გაგნიძის პოტენციალზე ილაპარაკა #1TVSPORT
სწრაფი აზროვნება აქვს და გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს - „დინამოს“ ყოფილმა მწვრთნელმა გაგნიძის პოტენციალზე ილაპარაკა #1TVSPORT

„გაგნიძე გამორჩეული მოთამაშეა და ეს თავიდანვე შევნიშნე“, – ამის შესახებ Sport24-თან ინტერვიუში „დინამო თბილისის“ ყოფილმა მწვრთნელმა სერგეი ბოიკომ განაცხადა.

ბოიკო ამტკიცებს, რომ ლუკა გაგნიძე „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში მან დააწინაურა. თუმცა, ეს მის მისვლამდე, 2020 წელს მოხდა, როდესაც გაგნიძე 17 წლის იყო. ლუკა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც მუდამ თამაშობდა და ყოველთვის კაპიტანი იყო. ახალგაზრდულ ნაკრებში კი იმიტომ არ იყო, რომ 19-წლამდელებთან ერთად შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებოდა. ასე რომ, მისი აღმოჩენილი ნამდვილად არაა – გაგნიძის პოტენციალს ბოიკოს ჩამოსვლამდეც კარგად ხედავდნენ.

– როგორც ვიცი, საქართველოში პირველმა შენიშნეთ ლუკა გაგნიძე, რომელიც ახლა რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს.

– „დინამოში“ მისვლის შემდეგ მაშინვე აკადემიის გუნდების თამაშზე წავედი. იქ ვნახე, როგორ თამაშობდა ლუკა „დინამოს“ დუბლებში. მაშინვე ვიკითხე, როგორი ბიჭი იყო. მითხრეს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებშიც არ მიიწვიეს. მე ვუთხარი, რომ ხვალ მთავარი გუნდის ვარჯიშზე იყოს-მეთქი. ყველაფერი ასე დაიწყო.

– რა თვისებებით გამოირჩეოდა?

– ძალიან სწრაფი აზროვნება აქვს, გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს. ის კარგად თამაშობს ბურთით. ფეხბურთელების უმეტესობა არც კი ფიქრობს გააკეთოს ის, რასაც ლუკა ახერხებს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მას ბურთთან სწრაფად უნდა იმუშაოს. ჩემი აზრით, ბურთს ცოტა აყოვნებს, მაგრამ ესეც ზრდისა და საქართველოს ჩემპიონატიდან გამომდინარე პრობლემებია. ერთია, როცა საქართველოში თამაშობ, სხვაა, როდესაც რუსეთში გამოდიხარ. მოგწონს თუ არა, რუსეთში ვითარება გაიძულებს უფრო სწრაფად იმოქმედო და აქამდე მიხვალ. მაგრამ უდავოა, რომ გაგნიძე არაჩვეულებრივი ფეხბურთელია.

– მაშინ რატომ არ გამოიძახეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?

– აღნაგობის გამო, ის ათლეტი არ არის. შესაძლოა, ნაკრების მწვრთნელები უფრო ათლეტურებს არჩევდნენ, რომლებიც ძალისმიერი სტილით თამაშობენ. „დინამო-2“-ში მას, როგორც ფეხბურთელს კარგად ექცეოდნენ, მაგრამ არავის უნახავს მთავარ ლიგაში. მაგრამ მან მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა მთავარ გუნდში და მაშინვე რუსეთის პრემიერლიგაში გაემგზავრა.

– ვინ შენიშნა? მოსკოვის „დინამოს“ სკაუტებმა თუ ხელი თქვენც შეუწყვეთ?

– დიახ, ვთხოვე ხალხს ფეხბურთელისთვის ყურადღება მიექციათ.

– ვის სთხოვეთ?

– რუსი აგენტები არიან. ვთხოვე ენახათ. თბილისში ჩამოვიდნენ, ლუკას შეხედეს, პრეზიდენტს ესაუბრნენ, ყველა პირობა განიხილეს. როგორც ჩანს, ყველა კმაყოფილი იყო გარიგებით, რადგან ტრანსფერი შედგა.

– ამ გარიგებიდან ბონუსი მიიღეთ თუ უბრალოდ გსურდათ, რომ რუსეთის პრემიერლიგაში წასულიყო?

– ჩემი ბონუსი მოთამაშეთა მომზადებით მიღებული რეკლამაა. საფეხბურთო სამყაროში საიდუმლო ხომ არ არსებობს.