სვეტლანა ციხანოვსკაია რუსეთის მიერ მინსკისთვის კრედიტის გამოყოფას აკრიტიკებს - იმედი მაქვს, პუტინს ესმის, რომ ამ კრედიტს ლუკაშენკო გადაიხდის და არა ბელარუსი ხალხი
სვეტლანა ციხანოვსკაია რუსეთის მიერ მინსკისთვის კრედიტის გამოყოფას აკრიტიკებს - იმედი მაქვს, პუტინს ესმის, რომ ამ კრედიტს ლუკაშენკო გადაიხდის და არა ბელარუსი ხალხი

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია რუსეთის მიერ მინსკისთვის 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით კრედიტის გამოყოფის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ამ საკითხზე ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი დღეს სოჭში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„იმედი მაქვს, პუტინს ესმის, რომ ამ კრედიტს ლუკაშენკო გადაიხდის და არა ბელარუსი ხალხი“, – დაწერა ციხანოვსკაიამ საკუთარ არხზე „ტელეგრამში“.

მან ასევე მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და განაცხადა, რომ „მათი გადასახადებით ბელარუსი ხალხის ცემა დაფინანსდება“.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს თქვენ არ გსურთ. ეს ნაბიჯი ლუკაშენკოს აგონიას გაახანგრძლივებს, მაგრამ ხალხის გამარჯვებას წინ ვერ აღუდგება“, – წერს ციხანოვსკაია.

ტელეკომპანია „ფრანს 24“-თან ინტერვიუში კი ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ბელარუსი ხალხი ლუკაშენკოს ქვეყნის პრეზიდენტად არ აღიარებს, ამიტომ, ციხანოვსკაიას თქმით. „ნებისმიერი შეთანხმებები, რომლებიც სოჭში გაფორმდა, ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა, უმოქმედოდ გამოაცხადოს“.