სვეტლანა ციხანოვსკაია დასავლეთის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება
სვეტლანა ციხანოვსკაია დასავლეთის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება

ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია დასავლეთის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება. ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის დიდი დარტყმა რეჟიმზე და მათ მოუწევთ გაცნობიერება, რომ სხვა გამოსავალი არ არის, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გარდა“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

მან ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ბელარუსის ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესებას დროული და სწორი გადაწყვეტილება უწოდა.

„ეს არის ძალიან სწორი და დროული ნაბიჯი, რადგან მხოლოდ ერთობლივი სანქციები, ერთიანი პოზიცია არის ძალიან ძლიერი, რაც დაგვეხმარება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაში და ახალ არჩევნებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა ციხანოვსკაიამ.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივანს, შინაგანი ჯარის მეთაურსა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დღესვე დაამტკიცა ევროკავშირმაც. ე.წ. შავ სიაში მოხვდა 78 ფიზიკური პირი და რვა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან. ამას გარდა, ევროკავშირის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ე.წ. სექტორულ სანქციებსაც დააწესებენ.