სვანეთში საფეხბურთო კლუბის დაფუძნებას აპირებენ
სვანეთში საფეხბურთო კლუბის დაფუძნებას აპირებენ

სვანეთში საფეხბურთო კლუბის დაფუძნება სურთ – ინფორმაცია პირველ არხს მესტიის რაიონის სოფელ ხაიშის მკვიდრმა, სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან ქობალიამ მიაწოდა.

“სვანეთში არც გუნდია და არც საფეხბურთო ჯგუფები – ბავშვების რაოდენობა საკმარისი არაა, საფეხბურთო ჯგუფები რომ დაარსდეს და ნიჭიერი ბავშვები იკარგებიან. გუნდის ჩამოყალიბება კი ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება, ადგილობრივებს ფეხბურთში ჩართვის სურვილი რომ გაუჩნდეთ. ასე ფეხბურთი განვითარდება, რითაც მესტია და ზოგადად ქართული ფეხბურთი ისარგებლებს. იდეის თანაავტორი ჩემი მეგობარი დათო დოლიძეა. გვეძლევა შესაძლებლობა, სვანეთში პირველი კლუბის დამფუძნებლები გავხდეთ, რითაც ისტორიაში შევალთ. მოფიქრებული გვაქვს კლუბის სახელი – “მესტია”.

სექტემბერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან შეხვედრას ვგეგმავთ, რათა მისგან მხარდაჭერა მივიღოთ. ნოემბერ-დეკემბრამდე კი საკრებულოში წარსადგენად ყველანაირ საბუთს მოვამზადებთ” – ამბობს ლევან ქობალია.