სვანეთში პირველ საფეხბურთო კლუბს პრობლემები შეექმნა - გუნდის თამაში ერთი წლით გადაიდო
სვანეთში პირველ საფეხბურთო კლუბს პრობლემები შეექმნა - გუნდის თამაში ერთი წლით გადაიდო

2018 წელს, სვანეთში პირველი საფეხბურთო კლუბი „მესტია“ ოფიციალურად დაფუძნდა. მაგრამ გუნდს პრობლემები შეექმნა, რომლის გამოც კლუბის მმართველებმა საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა 2020 წლამდე გადადეს, მომხდარზე განმარტება კი ოფიციალურ განცხადებაში ახსნეს.

„სვანეთში, საფეხბურთო კლუბის დაარსების იდეა 2017 წელს გაჩნდა. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, 2018 წელს შევძელით და კლუბი ოფიციალურად დავაარსეთ. წელს საქართველოს ჩემპიონატში ჩართვას ვგეგმავდით, თუმცა ეს ასე არ გამოვიდა. ჩვენ, დამფუძნებლები ველოდებოდით უფრო მეტ მხარდაჭერას მთავრობის მხრიდან, მაგრამ ეს, ამ ეტაპზე ასე არ მოხდა. არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამხელა მასშტაბური, რა მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა ხდება სვანეთის ისტორიაში. ამ კლუბის დაარსება და შემდეგ სწორად განვითარება, მნიშველოვნად ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული, პოტენციალის ზრდას, ასევე ფინანსური მოგების ზრდას ამ მხარისთვის. ჩვენ, კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ადგილობრივ თვითმმართველობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა მოხდეს გუნდისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადგილზე დაბინავება. სწორედ ამ არ არსებული პირობებიდან გამომდინარე, იმ თანხების დაფარვა რაც გუნდისა და სტადიონისთვის იყო საჭირო, ინვესტორმა არ გარისკა და არ გაიღო. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, გუნდის შექმნა და ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, მინიმუმ ერთი წლით გადაგვედო. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს სფფ-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ადგილზევე მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა შესაბამისი სტანდარტების სტადიონი და სხვა, გუნდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“ – წერია კლუბის განცხადებაში.

საფეხბურთო კლუბი “მესტია” პრობლემების მოგვარებას ასე აპირებს: “ვგეგმავთ ადგილობრივ თვითმართველობასა და სხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობას, რათა ამ ერთი წლის განმავლობაში, სვანეთში განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები, რაც მოსახლეობის მხრიდან ფეხბურთით მეტ დაინტერესებას განაპირობებს. ვგეგმავთ შეჯიბრებების მოწყობას სხვადასხვა ასაკის მოზარდებს და ახალგაზრდებში. იმედი გვაქვს ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება საზოგადოების ყველა ფენა, მათ შორის ხელისუფლება და კერძო ინვესტორები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალ წელს, ანუ 2020 წლის სეზონში მოვახერხოთ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ჩართვა და ასპარეზობა ისტორიაში პირველად, სვანეთის სახელით”.