სვანეთში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სვანეთში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ ძმის მკვლელობაში ბრალდებულის, ბესიკ არღვლიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს არ ჰყავდა უფლებების დამცველი და მან პირადად იშუამდგომლა სასამართლოსთან, რომ მისთვის 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდებინათ, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ გაიზიარა.

1971 წელს დაბადებულ ბესიკ არღვლიანს ბრალად ედება ძმის, ლაშა არღვლიანის მკვლელობა. შემთხვევა 2019 წლის 20 ოქტომბერს მესტიის რაიონის სოფელ ცხუმარში მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ბესიკ არღვლიანმა დანით მიაყენა ჭრილობა ძმას, რომელიც მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, ბესიკ არღვლიანი 21 ოქტომბერს დააკავეს ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს ჩაინიშნა.