სვანაძემ გაგნიძეზე ისაუბრა - ამ ვითარებაში ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს #1TVSPORT
სვანაძემ გაგნიძეზე ისაუბრა - ამ ვითარებაში ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.

მოახლოებული მატჩების, სასელექციო პროცესის და ახალგაზრდული ნაკრების გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ ვრცლად ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ვცდილობთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ორი რთული, თუმცა ამავე დროს საინტერესო თამაში გველის, პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტი და კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ასეთ მატჩებში ჩანს, რეალურად სად ვიმყოფებით, ჩანს ჩვენი ძალა და ის მინუსები, რომლებზეც შემდგომ გვექნება სამუშაო. ასევე რთულ თამაშს ველოდებით თურქეთში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ აქცენტი უნდა გვქონდეს პორტუგალიასთან მატჩზე“, – ამბობს რამაზ სვანაძე.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გუნდის მზადების პროცესზეც გააკეთა:

„ის, რაც აქამდე დავგეგმეთ ნორმალურად შესრულდა. წარსულში არ ვიყურებით და მუდამ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. გვყავს ახალწვეული – გიორგი კვერნაძის სახით, რომელსაც ჯერ კიდევ 19-წლამდე ნაკრებიდან ვადევნებთ თვალს. მას აქვს პროგრესი და ნამდვილად დაიმსახურა ის შანსი რომელსაც მიიღებს. დანარჩენი უკვე მასზე იქნება დამოკიდებული“.

სვანაძემ საკადრო პრობლემებზეც ისაუბრა:

„სელექციის კუთხით გვაქვს პრობლემები რამდენიმე პოზიციაზე. ვისურვებდი მეტ კონკურენციას და ვისურვებდი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ზოგადად სელექციის კუთხით ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს არ არის მზადება მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, ჩვენ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ტურნირის ჭრილში აღვიქვამთ და როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვახსენებ, სწორედ მათ მოვიაზრებ. რადგან მომავალში მათი გვეიმედება, სწორედ ამიტომ ისინი ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ კლუბში ჰქონდეს პრაქტიკა და შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში“.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა განმარტა, რატომ მიიწვია მოსკოვის „დინამოს“ ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე და დააფიქსირა პოზიცია, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს:

„მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არამარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. სპორტულ მხარეს რაც შეეხება, ლუკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედისმომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არამარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს, ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან საუბარი. იცის ჩვენი მიდგომის შესახებ. მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის“.