სუს-ის შენობებთან „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ აქცია-პერფორმანსები მოაწყო [ვიდეო]

თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს რამდენიმე ქალაქში სუს-ის შენობებთან „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ აქცია-პერფორმანსები მოაწყო.

აქციის მოთხოვნები იყო სრულად პროპორციული არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში.

თბილისში სუს-ის შენობასთან მივიდა პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და შესასვლელის ავტომანქანით ბლოკირება სცადა. მანქანაში მყოფი ჯაფარიძე ევაკუატორით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„კარგია ეს ყველაფერი, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, ამ სისტემას დაამარცხებს ადამიანების ინდვიდუალური პროტესტი, ამის მჯერა. ყველას შეუძლია რაღაცის მოფიქრება, თუ მართლა მოინდომებ და თუ მართლა გაწუხებს, მილიონი რამის გაკეთება შეიძლება. მზაობა უნდა გქონდეს, რომ წახვიდე რაღაც ტიპის მსხვერპლზე. მგონია, რომ არსებობენ საკმარისი რაოდენობის ადამიანები, ვინც ეგეთ რაღაცებზე შეიძლება, წავიდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

რუსთავში პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. შესასვლელთან მათ განათავსეს ავტომობილი პარტიის ემბლემით და მოთხოვნებით. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოთხი წევრი ტერიტორიიდან განარიდეს. ადგილიდან ევაკუატორით გაიტანეს ავტომანქანაც.

აქცია გაიმართა გორშიც, სადაც სამართალდამცველებმა ორი პირი განარიდეს ტეროიტორიას. ისინი სუს-ის შენობასთან მდგარი ჩაკეტილი ავტომობილიდან საბარგულის მხრიდან გამოიყვანეს.

ქუთაისში სუს-ის შენობის შესასვლელი ავტომანქანით „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა ჩაკეტა.

აქცია მოეწყო თელავშიც. ადგილზე ტორესა მოსი იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. აქციისას გამოყენებული ავტომობილი თელავშიც ევაკუატორით საჯარიმოზე გადაიყვანეს.

ანალოგიური აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც ავტომობილში ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ გორგაძე იჯდა. მანქანა ევაკუატორით მძღოლიანად საჯარიმოზე გადაიყვანეს. აქციის დროს პოლიციამ „გირჩის“ მერობის კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე გაიყვანა ტერიტორიიდან. როგორც პარტიაში ამბობენ, დაკავებას სამართალდამცველებთან შელაპარაკება უძღოდა წინ.