სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ი.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმება, ადვოკატი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი