სუპერთასის პირველი ქალი არბიტრი -ათი წლის წინანდელთან შედარებით, საქართველოში ქალთა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა
სუპერთასის პირველი ქალი არბიტრი -ათი წლის წინანდელთან შედარებით, საქართველოში ქალთა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ სტუმრად ქეთევან გაიპარაშვილი იყო მიწვეული. ის პირველი ქართველი არბიტრი ქალია, რომელიც მაღალი დონის საფეხბურთო მატჩს, საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის შეხვედრას მოემსახურა.

ქეთევან გაიპარაშვილი 23 თებერვალს, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული 2020 წლის სუპერთასის მატჩში საქართველოს ჩემპიონ თბილისის „დინამოსა“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალოს“ შორის მთავარ არბიტრს გიორგი კიკაჩეიშვილს ეხმარებოდა.

„მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ასეთი რანგის თამაშის მსაჯობის პატივი რომ მერგო წილად. მართლაც ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა და ამით ბედნიერი ვარ, რომ ისტორიაში შევედი“ – ამბობს ქეთევან გაიპარაშვილი.

მან იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც მსაჯობა გადაწყვიტა: „უპირველესად, ეს ფეხბურთის უზომო სიყვარულის გამო გადავწყვიტე – ეს სახეობა ბავშობიდან უზომოდ მიყვარს. სხვაგვარად ამ სფეროში უბრალოდ ვერ იქნები. მთავარი სირთულე ფიზიკური მზადყოფნა და ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. მსაჯობა 2006 წელს დავიწყე და თავიდან იყო გაკვირვება, რომ თამაშებს ქალი ვმსაჯობდი. იყო სექსისტური რეპლიკებიც, მაგრამ ახლა საზოგადოება მიეჩვია და ჩვენ ფეხბურთელებმაც მიგვიღეს და – გულშემატკივრებმაც. დღესდღეობით მსგავსი რამ აღარ ხდება, რაზეც სუპერთასის მატჩიც მოწმობს“.

ქეთევან გაიპარაშვილის თქმით, მსაჯობის გარდა, სხვა პროფესიაც აქვს: „არბიტრობა ერთ-ერთი პროფესიაა და ჩემთვის ძალიან საყვარელი პროფესიაც. ამას გარდა, საჯარო სკოლაში 6 წელი სპორტის მასწავლებლად ვმუშაობდი და ბავშვების უზომო სიყვარულის გამო, ამ საქმიანობის გაგრძელებასაც ვაპირებ. ასევე ვმუშაობ ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციაში, სადაც კახეთის კოორდინატორი ვარ“.

მან არ დამალა, რომ მსაჯობის არჩევის დროს სირთულეები შეხვდა: „თავიდან ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა იყო, მაგრამ შემდეგ ოჯახი ამას მიეჩვია და დღეს სწორედ ოჯახია ჩემი პირველი გულშემატკივარი, ასევე მეგობრები“.

გაიპარაშვილმა ვიდეორეფერის სისტემის მიმართ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა: „ჩემი აზრია, რომ ფეხბურთი ვიდეორეფერით ადამიანურ სახეს კარგავს. მირჩევნია, ყველაფერი ადამიანების გადასაწყვეტი იყოს და არა – ვიდეორეფერის. მაგრამ არის კონკრეტული ერთი შემთხვევა, რომელიც თამაშის ბედს წყვეტს და აქ დასაშვებია“.

ქართველ მსაჯმა ქალბატონმა გეგმებზეც ილაპარაკა: „მსაჯობა ისეთი პროფესიაა, წინასწარ რთულია დაგეგმო, რა და როგორ განვითარდება. ეს დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ შრომაზე, იღბალსა და გამართლებაზე. საქართველოში კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება გაგვაჩნია. ამჟამად მე ვარ საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტი – ფიფა-ს არბიტრის ასისტენტის წოდება 2014 წლიდან მომანიჭეს. საქართველოში ამაზე მაღალი საფეხური არ არსებობს. 6 თვეში ერთხელ ნორმატივებს ვაბარებთ და თამაშებზე ამის მიხედვით ვინიშნებით“.

გაიპარაშვილმა კომენტარი საქართველოში ქალთა ფეხბურთის დონეზეც გააკეთა: „რომ შევადაროთ 10 წლის წინ რაც იყო, ქალთა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა. იმართება ეროვნული ჩემპიონატი და ბევრი კარგი გუნდია – მასობრიობაც იზრდება. ერთი ეგაა, ყველგან მწვრთნელი კაცია, მაგრამ ამ კუთხითაც მიდის მუშაობა და დარწმუნებული ვარ, მალე ქალთა გუნდებში მწვრთნელების უმრავლესობაც ქალი იქნება“.

დატოვე კომენტარი