სუპერლიგის წარმომადგენელი „ვერა“ ამერიკელი ბარნსით გაძლიერდა
სუპერლიგის წარმომადგენელი „ვერა“ ამერიკელი ბარნსით გაძლიერდა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყება. გუნდები მოსამზადებელი ეტაპის აქტიურ ფაზაში არიან. ჩვენი ინფორმაციით ლეგიონერები ყველას ეყოლება თუმცა უცხოელთაგან ზოგი ჯერ არ ჩამოსულა, ზოგიც ახლა აფორმებს ხელშეკრულებებს.

ცხელი ამბავია – თბილისის „ვერამ“ მეორე ამერიკელი დაიმატა. ეს გახლავთ ტრევონდ ბარნსი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში თამაშობდა ჰემპტონის კოლეჯში (NCAA). ტრევონდი 23 წლის ტანმაღალი ფორვარდია – 206 სმ სიმაღლის.

ხოლო, პირველი ამერიკელი, რომელთანაც ვერელებმა კონტრაქტი გააფორმეს, 178 სმ სიმაღლის გამთამაშებელი ტრევის ფილდსია. იგი კოლეჯების ლიგაში რედფორდის უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა.

2020-21 წლების სეზონის წინ „ვერა“ ორი კარგი ახალწვეულით გაძლიერდა – გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილითა და 211 სმ სიმაღლის ფორვარდით ნიკა მეტრეველით. ლუკა 20 წლის უკანახაზელია, რომელმაც გასული სეზონი ამერიკის კოლეჯების ლიგაში გაატარა და აგვისტოში გამართულ განვითარების ლიგაზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

რაც შეეხება ნიკა მეტრეველს, ის 30 წლისაა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრობასკეტზეც აქვს ნათამაშები, ხოლო პროფესიული კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული.

 

ვერა 2020-21

უკანა ხაზი: გივი ბაქრაძე, გიორგი ვახანია, გიორგი ცხოვრებოვი, ტრევის ფილდსი, ლუკა მაზიაშვილი.

წინა ხაზი: ნიკა მეტრეველი, ნოდარ თენიეშვილი, ტრევონდ ბარნსი, ვახტანგ ქადარია.

მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია.