სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის განახლებული შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის განახლებული შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადებული სუპერლიგის „ოლ სტარი“ 29 იანვარს, 16:00 საათზე რუსთავის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდება.

ადგილობრივი მოთამაშეებისა და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდების სასტარტო ხუთეულები გულშემატკივრებმა ხმის მიცემის შედეგად აირჩიეს, ხოლო სათადარიგო მოთამაშეები მთავარმა მწვრთნელებმა, ირაკლი ხოშტარიამ და ბექა წივწივაძემ დაასახელეს.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ წევრები, რომლებიც გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს – ლუკა ლიკლიკაძე, ლუკა კალატოზიშვილი და ლინტონ ესლაისი. ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოტოვების მიზეზი კი საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ კავკასიის საკალათბურთო ლიგაში მონაწილეობაა. დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი ერევანში იმყოფება, სადაც ლიგის 5 მატჩის ჩატარება აქვს დაგეგმილი.

მაყურებლების მიერ არჩეული ოლიმპის მოთამაშეები ყველაზე მეტი ხმის მქონე კალათბურთელებმა, გიორგი ოჩხიკიძემ და აკაკი ლომოურმა ჩაანაცვლეს. ხოლო რაც შეეხება ლეგონერების გუნდს, ფორვარდ ლინტონ ესლაის შემდგომ  2612 ხმით  „მეგას“ მოთამაშე, მარგუს გილსონი ლიდერობდა, რომელიც, მართალია, თავდაპირველად სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, თუმცა ბექა წივწივაძის გადაწყვეტილებით სათადარიგო მოთამაშედ დასახელდა. გამომდინარე იქიდან, რომ ესლაის ჩანაცვლება სწორედ გილსონით უნდა მომხდარიყო, ბექა წივწივაძემ „მეგას“ ფორვარდი „ქუთაისის“ ქრისტოფერ უეირით ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკვლავის თამაში 29 იანვარს რუსთავის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

GBF.GE