სუპერლიგაზე მუშაობა საშიში აღარ არის - კლუბებს უეფა-სგან სასამართლო დაიცავს #1TVSPORT
სუპერლიგაზე მუშაობა საშიში აღარ არის - კლუბებს უეფა-სგან სასამართლო დაიცავს #1TVSPORT

მადრიდის სასამართლომ დაადგინა, რომ იმ კლუბებს, რომლებიც 2021 წლის აპრილში ევროპის სუპერლიგის იდეით გამოვიდნენ, უეფა-სგან სანქციები არ შეეხებათ. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე, სანამ ამავე საქმეზე საბოლოო ვერდიქტს არ გამოტანს ევროპის სასამართლო.

ყველას ახსოვს თითქმის ორი წლის წინანდელი ისტორია – 12 კლუბის მიერ გამოცხადებული პროექტი, რომელმაც, რეალურად, სამი დღე იარსება, რის შემდეგაც უეფა-ს შესაძლო სანქციებისგან შეშინებული გუნდები პროექტს გაემიჯნენ. უფრო სწორად, ცხრა კლუბი, „ბარსელონას“, „რეალისა“ და „იუვენტუსის“ გარდა, რომლებიც ისევ იბრძვიან და მუშაობენ ევროპის სუპერლიგის შესაქმნელად.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლოს ევროპის სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი ამ საკითხზე, კერძოდ, გაარკვიოს – უეფა-მ და ფიფა-მ ბოროტად ხომ არ გამოიყენეს თავიანთი დომინანტური მდგომარეობა, როცა ჯერ დაბლოკეს სუპერლიგის შექმნა, შემდეგ კი სცადეს, სანქციები დაეწესებინათ იქ შემავალი კლუბებისთვის. სანამ ეს განაჩენი არ გამოცხადდება, უეფას არანაირი სანქციის დაწესება არ შეეძლება.

მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილება მოიწონა კომპანია A22-მა, რომელიც მუშაობს სუპერლიგის პროექტის აღორძინებაზე. მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნდ რაინჰარტმა თქვა: „მივესალმები იმ ფაქტს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საშუალებას მოგვცემს, თავისუფლად გავაგრძელოთ მუშაობა ახალ პროექტზე, რომელიც შექმნის ახალ ევროპულ ტურნირს. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ არ შეიძლება, უეფა-ს მონოპოლური მდგომარეობა გამოყენებულ იქნას კლუბებზე მუქარისთვის. ამიტომაც ჩვენ ვთავაზობთ დიალოგს დაინტერესებულ საფეხბურთო მხარეებს, ასევე კლუბებს, რადგან მათ უკვე აღარ ემუქრებათ უეფა-ს მხრიდან სანქციები“.

ასე რომ, ახლა ნებისმიერ კლუბს შეუძლია, შეუერთდეს სუპერლიგის პროექტს და არ ჰქონდეს შიში, რომ უეფა-სგან სანქციებს მიიღებს.