სუპერლიგა - თსუ-მ მეექსვედ მოიგო და ცხრილის სათავეში მოექცა
სუპერლიგა - თსუ-მ მეექსვედ მოიგო და ცხრილის სათავეში მოექცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სუპერლიგაში პირველ ადგილზეა. თსუ-ს ყველაზე მეტი, 9 მატჩი აქვს ჩატარებული და სწორედ ამის ხარჯზე ლიდერობს (6 მოგება, 3 მარცხი), თორემ „ქუთაისი“ (6 მოგება, 0 მარცხი) და „რუსთავი“ (5 მოგება, 0 მარცხი) ჯერაც დაუმარცხებლები არიან.

უნივერსიტეტელებმა 19 დეკემბერს პრინციპულ მეტოქეს მოუგეს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ „ცხუმ-აფხაზეთს“ 4 მოგების წილ მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა და გამარჯვების შემთხვევაში ხსენებული დაუმარცხებელი გუნდების შემდეგ მე-3 ადგილზე გადადიოდა. თსუ-ს წინა მატჩი „რუსთავთან“ ჰქონდა წაგებული და დიდი ამბიციის მქონე გუნდისთვის მიჯრით დამარცხება სოლიდური დარტყმა იქნებოდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ანგარიში ძირითადად თსუ-ს მიჰყავდა და საკმაოდ დამაჯერებლადაც, თუმცა ბოლო წუთებზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ბოლო პერიოდის დაწყებისას უნივერსიტეტელები 66:53 იგებდნენ და ერეკლე ლორთქიფანიძის სამქულიანის შემდეგ 16 ქულით გალიდერდნენ. აქ კი თსუ ცოტა მოეშვა, „ცხუმ-აფხაზეთის“ მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს და თითქმის უიმედო სიტუაციიდან მოგების რეალური შანსი გაუჩნდათ. 

ალექსანდრე ფევაძის, რაჰიმ ჯონსონის, ნოდარ გოგოძის შედეგიანობით „ცხუმ-აფხაზეთმა“ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 76:77. თსუ-სთვის ეს განგაშის ზარივით იყო და ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დარჩენილ დროში ყველაფერი გააკეთა, რომ ერთხელ უკვე მოგებული თამაში გადაერჩინა. დასკვნით წუთებში უნივერსიტეტელებმა დამაჯერებლად ითამაშეს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და გამარჯვებამდეც მივიდნენ – 83:80.

თსუ-ში 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ქუენთინ დავი. 16 ქულა და 7 მოხსნა საბა ლობჯანიძემ დააგროვა. ბრენდონ სლაის ანგარიშზე კი 13 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დაფიქსირდა. „ცხუმ-აფხაზეთის“ შემადგენლობაში თითქმის იდენტური სტატისტიკა ჰქონდათ ალექსანდრე ფევაძეს (21 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი) და რაჰიმ ჯონსონს (21 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი). 10-10 ქულა ნოდარ გოგოძემ და ტაილერ გრინმა მიითვალეს.

სუპერლიგის მომდევნო მატჩი კვირას, 20 დეკემბერს, ქუთაისში გაიმართება. ქუთაისელები „ბათუმს“ უმასპინძლებენ.

gbf.ge