სუპერლიგა განახლდა - „ცხუმ-აფხაზეთმა“ „დინამო“, „ვერამ“ „ოლიმპი“ დაამარცხა
სუპერლიგა განახლდა - „ცხუმ-აფხაზეთმა“ „დინამო“, „ვერამ“ „ოლიმპი“ დაამარცხა

ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. მორიგი ტურის მატჩები 6, 7 და 8 დეკემბერს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება. 6-ში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი 2 შეხვედრა ჩატარდა: „ცხუმ-აფხაზეთი“ „დინამოს“ დაუპირისპირდა, ხოლო „ვერა“ – „ოლიმპს“.

დაძაბული არც ერთ მატჩს არ ეთქმოდა. მეტნაკლებად დაიძაბა ვითარება მეორე შეხვედრაში, როცა თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ოლიმპელები ვერელებს 6 ქულით (64:70) მიუახლოვდნენ, თუმცა „ვერამ“ მალევე დაიბრუნა 10-ქულიანი ჰანდიკაპი და შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა.

სათქმელია, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა „ვერამ“ სეზონის სამი წაგებით დაწყების შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და ბოლო 3 შეხვედრაა, დაუმარცხებელია. გუნდს კარგად შეეწყო 3 ახალი ლეგიონერი – ჯალენ ბრედლი, ბრაისონ სკოტი და ჯოშ ჰავლი. სწორედ ამ მოთამაშეების ლიდერობითა და გივი ბაქრაძის დირიჟორობით ვერელებმა სათავისო სცენარით წარმართეს „ოლიმპთან“ მატჩი და საბოლოოდ დამსახურებულად გაიმარჯვეს – 77:65.

6 დეკემბერს გამართულ პირველ მატჩში კი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ცხუმ-აფხაზეთმა“ დინამოელებს ისე სძლია, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებია. ტაილერ გრინის უიშვიათესი სროლის პროცენტულობით ცხუმელებს არაფერი გასჭირვებიათ. მართალია, გუნდურად და ინდივიდუალურადაც კარგად თამაშობდნენ, თუმცა გრინის 9-დან 7 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო და 1-დან 1 ორიანი უდიდესი ბონუსი აღმოჩნდა ჩერქეზიშვილის გუნდისთვის, რომელმაც საბოლოოდ 34 ქულით – 117:83 გაიმარჯვა და ლიდერებში გაერია.

სუპერლიგის მორიგი ორი მატჩი 7 დეკემბერს გაიმართება: „ტიტები“-თსუ ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება, „ქუთაისი“ კი „მგზავრებს“ უმასპინძლებს.

gbf.ge