სუპერგოლით აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში - ყაზაიშვილმა „ულსანში“ ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა კორეულ „ულსანში“ მორიგი გოლი გაიტანა, გუნდს კი აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების შემტევი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო სამხრეთკორეული „ჯეონბუკ მოტორსთან“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, რომელიც ჩონჯუს სტადიონზე გაიმართა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „ულსანმა“ ნახევარფინალში თამაშის უფლებას ურთულეს და დაძაბულ ბრძოლაში მოაღწია. ანგარიში სწორედ ვაკო ყააიშვილმა გახსნა, რომელიც მე-13 წუთზე შედევრის ავტორი გახდა. ვალერი ყაზაიშვილმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, ორ მცველს შორის გაძვრა, მესამე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა, ხოლო მეოთხეს დაასწრო და ზუსტად დაარტყა.

ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი დრო. შეხვედრის ბედი 101-ე წუთზე ლი დონგ კიუნგმა გადაწყვიტა და საბოლოოდ, „ულსანმა“ 3:2 მოიგო. ყაზაიშვილის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალშია და ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების 7 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და წარმატებულ საკლუბო სეზონს აგრძელებს.

ქართველის გუნდი ოთხშაბათს ნახევარფინალში ჯეონჯუს სტადიონზე დაუპირისპირდება კორეულ „პოჰანგ სტილერსს“, რომელმაც იაპონიის „ნაგოია გრამპუსთან“ მეოთხედფინალში 3:0 მოიგო.