სუმოში ანაზღაურება გაიზარდა
სუმოში ანაზღაურება გაიზარდა

დღეს დილით, სუმოს მმართველმა ორგანიზაციამ კენშო ბანერების (სპონსორის ბონუსი) ახალი ფასი დაადგინა.

ძველი სქემით ერთი კენშო 62 000 იაპონური იენი იყო, რაც 565.75 აშშ დოლარია. ცვლილების შემდეგ კენშო ბანერის ფასმა მოიმატა და 70 000 იენი შეადგინა, რაც 638.82 დოლარის ეკვივალენტია.

სუმოს მმართველების გადაწყვეტილებით, კენშო ბანერების ფასის ზრდა შეეხება მხოლოდ იმ თანხას, რომელიც სპორტსმენთა საპენსიო ფონდში ირიცხება და სუმოისტებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ გახდება.

დოჰიოზე გამარჯვებისთვის სეკიტორები კვლავ 30 000 იენს მიიღებენ, დანარჩენი კი საპენსიო ფონდში გადაირიცხება, რომელსაც რიკიშის კარიერის დასრულებამდე, მისი კლუბი განკარგავს.

ცვლილება სექტემბრიდან, ფუკუოკაში, შემოდგომის ბაშოს დაწყებისთანავე ამოქმედდება.