სულშერი - „გუდისონ პარკზე“ კარგი განწყობით უნდა გავიდეთ
სულშერი - „გუდისონ პარკზე“ კარგი განწყობით უნდა გავიდეთ

ოლე გუნარ სულშერისთვის მიმდინარე სეზონი არც თუ ისე კარგად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ ტურში პსჟ-ს და „ლაიპციგს“ მოუგო, გუნდი მესამე ტურში ჯგუფის აუტსაიდერთან დამარცხდა, ხოლო პრემიერლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფება.

ნორვეგიელი მწვრთნელი, განსაკუთრებით „ბაშაქშეჰირთან“ მარცხის შემდგომ, დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, შაბათს, 7 ნოემბერს, „ევერტონთან“ გასამართი მატჩი შესაძლოა მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სულშერის გუნდი პრემიერლიგაში მე-15 ადგილს იკავებს, მწვრთნელი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ მისი ფეხბურთელები „გუდისონ პარკზე“ კარგად ითამაშებენ.

გარდა ამისა, მან განაცხადა რომ ზუსტად ისე სჯერა კლუბში წარმატების მიღწევის, როგორც სჯეროდა 2018 წელს, როცა „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

„ყოველთვის არის ზეწოლა და მეტი მოლოდინი ჩვენგან. მე „მანჩესტერში“ ვისწავლე როგორ გავუმკლავდე კარგ და ცუდ პერიოდს. ფეხბურთის ნებისმიერი მატჩი მაშინვე ისტორიის ნაწილი ხდება. ჩვენ „გუდისონ პარკზე“ კარგი განწყობით უნდა გავიდეთ“, – განაცხადა მანჩესტერის ყოფილმა ფორვარდმა.

ევერტონისა“ და „მანჩესტერის“ დაპირისპირება შაბათს, 7 ნოემბერს, გაიმართება. აქამდე „წითელ ეშმაკებს“ ხშირად მაურისიო პოჩეტინოს უკავშირებდნენ, ამ მატჩის შემდგომ კი შესაძლოა არგენტინელი სპეციალისტის დანიშვნა უფრო რეალური გახდეს.