სულიკო დავითაშვილი ესპანურ ტურნირზე - ქართველებს ფეხბურთის თამაში სხვებზე არანაკლებ შეგვიძლია
სულიკო დავითაშვილი ესპანურ ტურნირზე - ქართველებს ფეხბურთის თამაში სხვებზე არანაკლებ შეგვიძლია

ქართველებს ფეხბურთის თამაში სხვებზე არანაკლებ შეგვიძლია, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ესპანეთიდან დაბრუნებულმა თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სულიკო დავითაშვილმა.

თბილისურმა კლუბმა ესპანეთში დასრულებულ ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირზე ღირსეულად ითამაშა. ტურნირი მადრიდის „რეალის“ 19-წლამდელებმა მოიგეს, რომლებმაც ფინალში ანგარიშით 3:2 სძლიეს მადრიდის „ატლეტიკოს“, რომელთანაც „ლოკომოტივი“ 1/8-ფინალში მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა (4:6).

სულიკო დავითაშვილის აზრით, „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„ეს უმაღლესი დონის ტურნირი იყო. ჩვენ მერვედფინალში გამოვვარდით და როგორ ვთქვა, რომ კმაყოფილი დავრჩი. მაგრამ მონაწილეთა დონის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ჩვენი გამოსვლა მაინც უფრო დადებითად უნდა შეფასდეს. ყველაზე საინტერესო თამაში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გვქონდა. მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და მხოლოდ პენალტების სერიაში წავაგეთ. არადა, ეს უძლიერესი გუნდია, მშვენიერი სელექციით, რესურსითა და პირობებით. ჩვენი ესპანელი მეგობრები ამბობდნენ, რომ ამის გათვალისწინებით, ჩვენი თამაში ყველასთვის აღმოჩენა იყო“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის აზრით, ტურნირზე ქართველი ბავშვების ნიჭიც გამოჩნდა და პრობლემებიც.

„ამ გამოსვლით დავრწმუნდი, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში სხვებზე არანაკლებ შეგვიძლია. საამისოდ, ელემენტარულად, პირობები და საერთაშორისო გამოცდილება გვჭირდება. რაც მთავარია, ბიჭებს ველაპარაკე და ყველას დარჩა განცდა, რომ მეტი შეუძლია. მიმაჩნია, რომ ეს ამ ტურნირის ყველაზე დიდი შედეგია. ამ ბავშვებმა წელიწადში 3-4 ასეთი ტურნირი რომ ითამაშონ, მენტალურადაც კიდევ უფრო გაიზრდებიან და კლასითაც“, – აღნიშნა მან.

თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდმა MIC CUP-ზე 4 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ვიდეორეფერიმ იაკობიძისა და ჯაფარიძის გოლები გააუქმა. ტურნირზე გოლები გაიტანეს: ინჯგიამ, ლომთაძემ, დავითაშვილმა (3), ქველაძემ, კონიაშვილმა (2), ბუიღლიშვილმა(2), შეყილაძემ.

თბილისის ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდის ყველა გოლი MIC CUP-ზე

თბილისის ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდის ყველა გოლი MIC CUP-ზე⚽ სულიკო დავითაშვილის გუნდმა ესპანეთში 4 მატჩში 11 გოლი გაიტანა⚽ ვიდეორეფერიმ იაკობიძისა და ჯაფარიძის გოლები გააუქმა⚽ ტურნირზე გოლები გაიტანეს: ინჯგიამ, ლომთაძემ, დავითაშვილმა (3), ქველაძემ, კონიაშვილმა (2), ბუიღლიშვილმა(2), შეყილაძემ.

Posted by ლოკომოტივის აკადემია – Youth Academy of FC Locomotive Tbilisi on სამშაბათი, 23 აპრილი, 2019