სულამანიძემ ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სულამანიძემ ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

ტურნირზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე (100კგ) ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დამატებით დროში დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე მეორე ვერცხლის მედალი მოუპოვა.

ზაგრების გრან პრიზე ცოტა ხნით ადრე ჩვენს გუნდს პირველი ოქროს მედალი მოუტანა ბექა ღვინიაშვილმა (90კგ), რომელმაც ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მასედო იპონით დაამარცხა.

რამდენიმე წუთში ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე მონღოლი ამარსკაიჰანი იქნება.

ტურნირზე გამომსვლელი მეოთხე ქართველი, მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში შესრულებული სახიფათო ილეთის გამო გათამაშებას გამოეთიშა.

შეჯიბრზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალი იყო. ტურნირზე ვერცხლისმედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.