სუდანში პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაცია სცადეს
სუდანში პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაცია სცადეს

სუდანში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, აბდალა ჰამდოკის ლიკვიდაცია სცადეს. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ავტოკოლონის ჩავლისას გზის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

შემთხვევა კობერის ხიდთან მოხდა, რომელიც დედაქალაქ ხართუმის ჩრდილოეთ უბნებს ცენტრთან აკავშირებს. აფეთქების შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობილი ეკონომისტი აბდალა ჰამდოკი სუდანის პრემიერ-მინისტრად გასული წლის აგვისტოში მას შემდეგ აირჩიეს, რაც დემოკრატიის მომხრე აქციის მონაწილეებმა სამხედროები აიძულეს, ომარ ალ-ბაშირი მმართველობის სადავეებიდან ჩამოეშორებინათ. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, დემოკრატიის მომხრე მოძრაობა და სამხედროები ძალაუფლების განაწილებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, 11 წევრისგან დაკომპლექტებული სამხედრო-სამოქალაქო საბჭო სუდანს მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

„ალ ჯაზირა“ წერს, რომ სუდანის დე ფაქტო მმართველები არმიის გენერლები არიან და სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების გადაცემა არ სურთ.