სუდანის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ აპირებენ
სუდანის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ აპირებენ

სუდანის სამხედრო საბჭო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს. ამის შესახებ სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა, აბდელ ფატაჰ აბდერაჰმან ბურჰანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. გენერალმა აღნიშნა, რომ სუდანის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარი პოზიცია დემონსტრაციით გამოხატონ და ეს ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს. ამასთან, სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მათ აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკება სურთ.

სუდანში რამდენიმეთვიანი დემონსტრაციების შემდეგ 11 აპრილს პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის 30 წლიანი მმართველობა დაემხო და ძალაუფლება იმ დღეს ჩამოყალიბებული სამხედრო საბჭოს ხელში გადავიდა. მათ გარდამავალ პერიოდად ორი წელი დაასახელეს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. თუმცა სუდანის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო. წარუმატებლად დასრულდა მხარეებს შორის მოლაპარაკებებიც, რადგან აქციის მონაწილების აზრით, სამხედრო საბჭოს ქვეყანაში პოლიტიკური მმართველობის დამყარება არ სურს.