სუარესი მოედანზე დაბრუნებას აპრილში აპირებს
სუარესი მოედანზე დაბრუნებას აპრილში აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი მუხლის ტრავმის შემდეგ, აღდგენით პროცესს წინასწარ დადგენილი გრაფიკის წინსწრებით აგრძელებს.

ურუგვაელი ფორვარდი, შესაძლოა აპრილის ბოლოსკენ დაუბრუნდეს მოედანს, – დაწერა გაზეთმა AS-მა.

სუარესმა იანვარში მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. მაშინ, „ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი დაახლოებით ოთხ თვეს გამოტოვებდა. თებერვალში 33 წლის ფორვარდი უკვე ყავარჯნების გარეშე დადიოდა და ივარაუდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის იქნებოდა მწყობრში.

ამ სეზონში სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა, ასევე შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ბარსელონასთან” ფორვარდის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.