სტუმართა ტური კრისტალბეთ ლიგაში – „ტორპედომ“ წააგო, „ჩიხურამ“ „სიონს“ ვერ აჯობა (ვიდეო)
სტუმართა ტური კრისტალბეთ ლიგაში – „ტორპედომ“ წააგო, „ჩიხურამ“ „სიონს“ ვერ აჯობა (ვიდეო)

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 23-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. საჩხერეს „ჩიხურა“ ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის „სიონს“ შეხვდა, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე „რუსთავს“ უმასპინძლა.

საჩხერელები ბოლნისელებთან შეხვედრაში ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ „სიონმა“ ხასიათი გამოავლინა და ორივეჯერ წონასწორობა აღადგინა. ანგარიში 29-ე წუთზე პენალტით გიორგი კორიფაძემ გახსნა. 48-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა „სიონის“ ფეხბურთელმა, კახა კახაბრიშვილმა, სტუმართა სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გაატანაბრა – 1:1. 53-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ მასპინძლები კიდევ ერთხელ დაააწინაურა – 2:1. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წამებზე (90+4) ჯაბა უგულავამ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა.

იქვე მსაჯმა მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათით სტუმართა მცველი ზურაფ ჯაფიაშვილი გააძევა, მაგრამ საბოლოო ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:2.

ისედაც შემადგენლობადასუსტებულ „ტორპედოს“ „რუსთავთან“ სამი მოთამაშე ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა – თორნიკე კაპანაძე, ოთარ კობახიძე და თემურ ჩოგაძე. ქუთაისელები წლეულს პირველად დაქვეითდნენ მეხუთე ადგილზე და სამეულთან სიახლოვის შესანარჩუნებად სამი ქულა სჭირდებოდათ, მაგრამ ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხეს – რუსთაველთა შემტევმა ლუკა სილაგაძემ 61-ე წუთზე „ტორპედოს“ კაპიტანს, როინ კვასხვაძეს შეცდომა არ აპატია და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:1 „რუსთავის“ სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი ლიდერ თბილისის „დინამოსა“ და მესამეადგილოსან „საბურთალოს“ შორის გადადებულია, რადგან ევროთასებზე შემორჩენილი ორივე ქართული ევროპის ლიგის მნიშვნელოვანი განმეორებითი თამაშებისთვის ემზადება.

23 თამაშის შემდეგ „ტორპედო“ (34 ქულა) ისევ მეხუთე ადგიზლე დარჩა, მას მიყვება „ჩიხურა“ (28 ქულა), ხოლო მეცხრეადგილოსანმა „რუსთავმა“ (25 ქულა) „სიონთან“ (26 ქულა) მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურში მასპინძლებმა ერთი მატჩიც ვერ მოიგეს – სამი წააგეს და ფრედ მხოლოდ ერთი ითამაშეს.