სტოლტენბერგი - ნატო საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის ვარიანტისთვისაც მოემზადება
სტოლტენბერგი - ნატო საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის ვარიანტისთვისაც მოემზადება

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის ვარიანტისთვისაც მოემზადება, – ამის შესახებ ნატო-ს მინისტერიალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი განმარტებით, რუსეთს კიდევ აქვს შანსი, ვითარება გამოასწოროს.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ხელშეკრულება. თუმცა, ალიანსი უნდა მოემზადოს იმისთვისაც, რომ შესაძლოა, მსოფლიოს ხელშეკრულების გარეშე მოუწიოს ცხოვრება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ არსებული ხელშეკრულების შესაძლო დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი დოკუმენტის პირობებს არღვევს. რამდენიმე საათის წინ კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს ხელშეკრულების შესრულებისთვის 60 დღე მისცა.