სტოკჰოლმში კლიმატის დაცვის მოთხოვნით მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა
სტოკჰოლმში კლიმატის დაცვის მოთხოვნით მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. აქცია შვედეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა 10 000-მდე ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყო ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგიც.
„არც ერთი პარტია არ გვთავაზობს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მეცნიერების მიერ აუცილებელ მიმართულებად მიჩნეული გზისკენ მაინც გადადგამდა ნაბიჯს. თუ ამავე გზით გავაგრძელებთ, კატასტროფას შევეჯახებით და ამას უკვე ვხედავთ“,- განაცხადა ტუნბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შვედეთის დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, რომელსაც გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე 200-ზე მეტი ორგანიზაციისა და გაერთიანების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორებს შორის იყვნენ ახალგაზრდული და სპორტული კლუბები, პროფკავშირები და რელიგიური გაერთიანებები.
20 აგვისტოს შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა Verian-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვა მოახლოებული არჩევნების მთავარი საკითხია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, შვედეთის მემარჯვენე მმართველი კოალიცია შესაძლოა, დამარცხდეს და ძალაუფლება მემარცხენე-ცენტრისტულ ოპოზიციას დაუთმოს.