სტივენ ჯერარდი - ფირმინო საკვანძო ფიგურაა
სტივენ ჯერარდი - ფირმინო საკვანძო ფიგურაა

ბრაზილიელი ფორვარდი რობერტო ფირმინო „ლივერპულის“ საკვანძო ფიგურა და იმის გარანტიაა, რომ გუნდი საუკეთესო ფორმაში დიდი ხნის განმავლობაში იქნება, აცხადებს მერსისაიდელების ყოფილი კაპიტანი და ლიდერი სტივენ ჯერარდი. პრემიერ-ლიგის წლევანდელ სეზონში იურგენ კლოპის გუნდს ექვსი შესაძლებლიდან ექვსი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში.

რაც შეეხება უშუალოდ ფირმინოს, მის ანგარიშზე ორი გოლი და ორიც საგოლე პასია და, გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში, „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, მან გამარჯვების გოლიც გაიტანა.

„ყურადღებით თუ შევხედავთ, სრულიად ნათელია, რომ ფირმინო აბსოლუტური გენიოსია“, – ამბობს ჯერარდი, – „გოლს გაიტანს თუ საგოლე შეტევაში მიიღებს მონაწილეობას, მისთვის აბსოლუტურად სულ ერთია. მსგავსი რამ ძალიან იშვიათად მინახავს“.

ჯერარდი, რომელიც ამჟამად „გლაზგო რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელია, „ლივერპულისთვის“ მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს მნიშვნელობასაც აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ საკვანძო ფიგურა სწორედ ფირმინოა.

ბრაზილიელი „ლივერპულში“ 2015 წელს, გერმანული „ჰოფენჰაიმიდან“ გადავიდა.