სტივენ ჯერარდი - ეგოისტი ლუზერები ვიყავით, ცოტათი გვეზიზღებოდა ერთმანეთი #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა რიო ფერდინანდთან ინტერვიუსას ილაპარაკა მისი აქტიური კარიერისას ეროვნულ გუნდში რთულ ურთიერთობებზე.
„ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ეგოისტი ლუზერები ვიყავით. იმიტომ, რომ დღეს მე ვუყურებ ტელევიზორს და ვხედავ კარაგერს, რომელიც პოლ სქოულზის გვერდით ზის და მათ დებატები მიჰყავთ ფანებთან. და ისინი ისე გამოიყურებიან, თითქოს უკვე 20 წელია საუკეთესო მეგობრები არიან. ასევე ვხედავ კარაგერისა და გარი ნევილის ურთიერთობას და ისინიც დიდი ხნის მეგობრებად გეჩვენებიან. და დღეს მეც უფრო ახლოს ვარ შენთან, ვიდრე იმ 15 წლის განმავლობაში, როცა ერთად ვთამაშობდით.
რატომ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, როცა 20, 21, 22, 23 წლის ვიყავით? საქმე ეგოში იყო? კონკურენციაში? რატომ ვერ დავამყარეთ მაშინ კავშირი ინგლისის ნაკრებში?
ვფიქრობ, ამის მიზეზი იყო კულტურა ინგლისის ნაკრებში. ჩვენ არ ვიყავით გუნდი. ჩვენ ვიყავით ნიჭიერი ინდივიდუუმების ჯგუფი, ეს კი არასოდეს მუშაობს.
მცირე ზიზღსა და სიძულვილს ვგრძნობდით ერთმანეთის მიმართ. მაგრამ ახლა, როცა წლების შემდეგ გამოცდილი ადამიანის თვალით უყურებ ამას, გეჩვენება, რომ ეს უმწიფობის ბრალი იყო. მაგრამ მაშინაც მწვრთნელები უნდა მოსულიყვნენ და ეთქვათ: „მისმინეთ, დაივიწყეთ ეს ყველაფერი, ერთიანები უნდა ვიყოთ პირველივე დღიდან, მეტი დრო უნდა გაატაროთ ერთად, უნდა გამოხვიდეთ თქვენი ოთახებიდან.
ვფიქრობ, უფრო მეტად შერწყმულები რომ ვყოფილიყავით, უფრო მეტად რომ გვყვარებიდა ერთმანეთი, ეს უკეთეს შედეგებს მოიტანდა მინდორზე“, – განაცხადა „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა.