სტივ კინმა „ტორპედოს“ მეორე შეკრება ესპანეთში დაგეგმა - ახალწვეულებმა გაგვაძლიერეს, თუმცა ამაზე არ გავჩერდებით #1TVSPORT
სტივ კინმა „ტორპედოს“ მეორე შეკრება ესპანეთში დაგეგმა - ახალწვეულებმა გაგვაძლიერეს, თუმცა ამაზე არ გავჩერდებით #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა კლუბში მიმდინარე პროცესებზე, ანტალიაში შეკრებაზე, ტრანსფერებსა და მოსამზადებელი ეტაპის შეცვლილ გეგმებზე ისაუბრა.

„მზადების პირველი ეტაპი კარგად მიმდინარეობს. აქ შესანიშნავი მოედნებია, სასტუმრო ფანტასტიკურია, კომფორტულად ვართ და, რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთელები კარგად ვარჯიშობენ.

გასული სეზონის ბოლოს, კლუბის პრეზიდენტსა და დირექტორთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით – ახალი სეზონის დაწყებამდე დამატებული ფეხბურთელები უმაღლეს დონეს უნდა აკმაყოფილებდნენ. პრეზიდენტი და დირექტორი დღე და ღამე დაუღალავად შრომობენ, სასურველი შედეგი რომ მივიღოთ.

აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ კომპლექტდება გუნდი. რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე კიდევ ვმუშაობთ. თუმცა ბიორნ იონსენის, ელიტონ ჟუნიორისა და ჟორჟინიოს სახით გამორჩეული ფეხბურთელები დავიმატეთ. ამ მოთამაშეების მოსვლამ გუნდში ატმოსფერო შეცვალა. ეს სულ რაღაც რამდენიმე დღეში სავარჯიშო პროცესზეც აისახა.

უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, 3-4 დღეში ქუთაისში დავბრუნდებით, სადაც 10-11 დღე ინტენსიური ვარჯიშები გვექნება, შემდეგ კი მეორე შეკრებაზე ვალენსიაში გავემგზავრებით და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. ესპანეთში გამგზავრება და ძლიერ მეტოქეებთან თამაში გადავწყვიტეთ. შემდეგ „სამტრედიასთან“ პირველი ტურის მატჩამდე ერთი კვირა გვექნება.

ვთქვი, რომ ქვეყნის ჩემპიონობა გვსურს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ წელს ევროტურნირზეც ვთამაშობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი.