სტივ კინი ქართველი ფეხბურთელების შრომისმოყვარეობით აღფრთოვანებულია - ვეცდებით, გავხდეთ ჩემპიონები, თამასა ძალიან მაღლა უნდა ავწიოთ #1TVSPORT
სტივ კინი ქართველი ფეხბურთელების შრომისმოყვარეობით აღფრთოვანებულია - ვეცდებით, გავხდეთ ჩემპიონები, თამასა ძალიან მაღლა უნდა ავწიოთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ახალ სეზონში კლუბის გეგმებზე ისაუბრა და ტრანსფერები დააანონსა.

„რა შევცვალე გუნდში? როცა ჩამოვედი, კლუბის დირექტორთან ერთად „თელავთან“ მატჩს დავესწარი. შევამჩნიე, რომ გუნდი დაცვიდან შეტევის ხაზამდე ძალიან ბევრ თავისუფალ სივრცეს ტოვებდა. პირველ რიგში, მუშაობა დავიწყეთ, რომ კომპაქტურად გვეთამაშა – ანუ ერთად ვუტევთ და თავსაც ერთად ვიცავთ. სწორედ ასე შევამცირეთ თავისუფალი სივრცეები.

ახლა ეს თითქოს მარტივი ჩანს, მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ რთული იყო. ამიტომ მადლობა ფეხბურთელებს – ვარჯიშებისას ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვმუშაობდით და ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა ერთნაირი მანძილი მცველებსა და ფორვარდებს შორის – ბურთით და უბურთოდ. ამის დამუშავებას რამდენიმე თამაში დასჭირდა.

როცა ფეხბურთელები ამას მიეჩვივნენ, დავიწყეთ ზრუნვა, რომ გოლები აღარ გაგვეშვა. თავდაპირველად, ორის ნაცვლად, სამი ცენტრალური მცველით დავიწყეთ თამაში, რომ ამოცანა უფრო გაგვერთულებინა. მერე კი ოთხიდან ხუთ მცველზე გადავედით, რომ მოთამაშეებისთვის მეტი თავდაჯერება მიგვეცა.

როგორც კი ეს თავდაჯერება მოვიდა და ოთხმცველიანი ტაქტიკა შევცვალეთ, თამაშების მოგებაც დავიწყეთ. გავხდით უფრო თავდაჯერებულები, ძლიერი მეტოქეების დამარცხება დავიწყეთ, სეზონის ბოლოს კი ძალიან ძლიერი თამაში ვაჩვენეთ…

უპირველესად, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. მათ შესანიშნავად შეასრულეს ყველა ტაქტიკური დავალება. თან არა მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებმა, არამედ იმათაც, ვინც ცვლილებაზე შედიოდა. გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ძალიან ბევრს ვშრომობდით და ყოველ ნაბიჯზე გვამხნევებდნენ.

აღფრთოვანებული ვარ ქართველების შრომისმოყვარეობით, არადა, როცა ჩამოვედი, მითხრეს, რომ აქაურებს მძიმე შრომა არ უყვართ. ჩვენი ფეხბურთელები განსაკუთრებულად ბევრს შრომობენ, ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან და მუდმივად სიახლეები სურთ – ეს არის ის, რაზეც ყველა მწვრთნელი ოცნებობს, როცა უცხო ქვეყანაში ჩადის. შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ფეხბურთელები სწავლისადმი მიდრეკილები არიან და აქ მუშაობა სასიამოვნოა.

ქუთაისმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. არ ველოდი, რომ ასეთი ლამაზი ქალაქი იქნებოდა. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს აქაურობა. ყავის დასალევად როცა გავდივართ, გულშემატკივრები მოდიან და გვესალმებიან, უშუალო კომუნიკაციაა. საოცარია ხაჭაპური, ქაბაბი. ჩვენი დიასახლისი ბაზაზე საოცარ კერძებს ამზადებს.

როცა კონფერენს ლიგაზე გვქონდა თამაში, გუნდის ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ჩვენთან ერთად იყო, ვფიქრობთ, მათ კარგად დაინახეს ჩვენი პროგრესი. გუნდი ყოველ წელს უნდა ვითარდებოდეს, ყოველ სეზონში უკეთესი უნდა გახდეს. თუ არ ვითარდები, იწყება რეგრესი, ამიტომ ჩვენც ხარისხის გაუმჯობესებას ვცდილობთ. „ტორპედოს“ ხელმძღვანელები მუდმივად მუშაობენ, რომ შემადგენლობა გააძლიერონ და ახალი ფეხბურთელები მოიწვიონ.

ახლოს ვართ ორი ლეგიონერის დამატებასთან, რომლებიც გაგვაძლიერებენ. გასულ სეზონში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავდნენ, მაგრამ გაზრდილი კონკურენციის ფონზე ხარისხმა ყოველ წელს უნდა მოიმატოს. თუ გვსურს ჩემპიონობისთვის, თასისთვის და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და უკეთესები გავხდეთ. იმედია, უახლოეს პერიოდში ორ ტრანსფერს გავაოფიციალურებთ.

მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც დიდ სამუშოს ატარებს კლუბის განვითარებისთვის. მათ შორის, ვგულისხმობ ბაზაზე უახლესი და საკმაოდ ძვირად ღირებული ბუნებრივი საფარის დაგებას. ეს ის არის, რაც საწვრთნელ პროცესს გააუმჯობესებს. გვჭირდება მოედანი, რომელიც სათამაშო მინდორთან მიახლოებული იქნება. მალე შეკრებაზე მივემგზავრებით და დაბრუნებისას უკვე ახალ მინდორზე ვივარჯიშებთ. იმედი მაქვს, ეს ჩვენს თამაშს სისწრაფესა და ხარისხს შემატებს.

მიზნები? რა თქმა უნდა, ვეცდებით, გავხდეთ ჩემპიონები, ყოველი მატჩი მოვიგოთ და ახალი სეზონი დავიწყოთ ისე, როგორც წინა დავასრულეთ – წაუგებელი სერიით. გვინდა, გავხდეთ გუნდი, რომლის დამარცხებაც ყველას სურვილი იქნება, თამასა ძალიან მაღლა უნდა ავწიოთ…

თურქულ შეკრებაზე 20 იანვარს მივემგზავრებით, სადაც პირველი ცხრა დღე ინტენსიურ ვარჯიშებს დაეთმობა. ამ პერიოდში ამხანაგური მატჩები არ გვექნება. შემდეგ დავბრუნდებით ქუთაისში, სადაც ორჯერადი ვარჯიშები დავგეგმეთ, ხოლო მეორე შეკრებაზე უკვე თამაშების ჩასატარებლად გავემგზავრებით. შესაძლოა, ესპანეთში წავიდეთ, პორტუგალიაში ან სადმე სხვაგან. გვსურს, ხუთი მაღალი დონის საკონტროლო მატჩი ჩავატაროთ და ჩემპიონატის დაწყებას კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში შევხვდეთ.

ბოლო შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი სავარჯიშო კვირა გვექნება. ყველა რგოლში უნდა გავძლიერდეთ და გვყავდეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა. წინასწარ მიხარია ჩვენი გულშემატკივრების გამო, რადგან ისინი განსხვავებულ და გაზრდილ გუნდს ნახავენ“, – განაცხადა სტივ კინმა.