დენიელ კორმიემ რამდენიმე დღის წინ არიელ ჰელვანთან გადაცემაში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი გააკრიტიკა. კორმიემ კიდევ ერთხელ მოუწოდა წარმოშობით ხორვატ ჩემპიონს, კონტრაქტს ხელი მოაწეროს და მასთან მესამე ბრძოლას დათანხმდეს.
მოგვიანებით, ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სტიპე უახლოეს მომავალში კორმიესთან ბრძოლას არ დათანხმდება, ორგანიზაცია მძიმე წონის ტიტულს ვაკანტურად აქცევს და ჩემპიონის გამოსავლენად სხვა ბრძოლას ჩაატარებს.
ვაიტისა და კორმიეს კრიტიკას მიოჩიჩმა მალევე უპასუხა.
„მე კორმიესგან განსხვავებით არასდროს მითქვამს უარი რემატჩზე და მასთან ბრძოლაზე. ამ დროისთვის კლივლენდი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია და ეს აკრძალვები მინიმუმ 29 მაისამდეა ძალაში. ყველა დარბაზი დაკეტილია. მე ვარჯიშს ფიზიკურად ვერ ვახერხებ. როგორც კი მოიხსნება აკრძალვები, შევძლებ დარბაზში შესვლას და მოსამზადებელი ეტაპის გავლას, ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვიქნები“, – განაცხადა მიოჩიჩმა.