„სტიაუას“ ძველი მწვრთნელი დაუბრუნდა - კონფერენს ლიგაზე „საბურთალოსთან“ მატჩამდე დიკა პრეზიდენტმა დაითანხმა #1TVSPORT
„სტიაუას“ ძველი მწვრთნელი დაუბრუნდა - კონფერენს ლიგაზე „საბურთალოსთან“ მატჩამდე დიკა პრეზიდენტმა დაითანხმა #1TVSPORT

ბუქარესტის „სტიაუას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია. კონფერენს ლიგაზე „საბურთალოსთან“ (0:1) თბილისში და რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ბუქარესტის „რაპიდთან“ დერბის (0:2) წაგების შემდეგ მისი წინამორბედი ანტონ პეტრეა პოსტიდან გადადგა და გუნდის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ ნიკოლაე დიკა დანიშნა.

დიჯი სპორტის“ ცნობით, ჯიჯი ბეკალიმ დიკა საუკეთესო კანდიდატად დაასახელა, რადგან კლუბში მცირე ხნის წინ მუშაობდა და „სტიაუაში“ არსებულ ვითარებას კარგად იცნობს.

„მისი მწვრთნელობის დროს გუნდში იყო დისციპლინა, მაგრამ ეს არაა ერთადერთი აქტივი, რომელიც მის პერიოდს გამოარჩევდა. კერძოდ, ნიკოლა დიკას დროს შედეგები, 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის დეკემბრამდე გამორჩეული იყო, რადგან გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფებში მოხვდა. ჯგუფებში გუნდმა „ვიქტორია პლზენთან“, „ლუგანოსთან“ და ბერ შევას „ჰაპოელთან“ 10 ქულა დააგროვა და მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა, სადაც „ლაციოსთან“ დამარცხდა. ეს იყო ბოლო შედეგი, რომელშიც „სტიაუამ“ ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა მოახერხა. მომდევნო წელს, ასევე ნიკოლაე დიკას დროს, გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფში ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა“, – წერს რუმინული გამოცემა.

დიჯი სპორტის“ ცნობით, დიკა კლუბის პრეზიდენტს კონფლიქტით დაშორდა: 

„ნიკოლა დიკას წასვლა 2018 წლის დეკემბერში საუკეთესო ვითარებაში არ მომხდარა. ჯიჯი ბეკალის ბოლო მატჩში „კლუჟთან“ 0:2 მარცხის შემდეგ არ მოეწონა ის შეცვლები, რაც დიკამ განახორციელა. დიკამ კი არაერთხელ თქვა, დარწმუნებული იყო, უკეთესი შედეგი ექნებოდა, რომ არა პრეზიდენტის ჩარევა. მას შემდეგ ბეკალიმ მისი დაბრუნება ორჯერ სცადა – 2021 წლის აგვისტოში და ნოემბერში. ყოველ ჯერზე დიკა უარს ამბობდა, რადგან რუმინეთის ნაკრებში მირელ რადოისთან მუშაობას ამჯობინებდა. ნიკოლაე დიკას პასუხი დადებითი იქნება და გუნდს ხუთშაბათს, „საბურთალოსთან“ განმეორებითი მატჩში გაუძღვება“.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩს „საბურთალო“ „სტიაუასთან“ ბუქარესტში ჩაატარებს. შეხვედრა 28 ივლისს გაიმართება.