სტეფანოს ციციპასმა კარიერის დასრულებაზე მიანიშნა - ყველაფერი ვცადე და არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება გავაკეთო #1TVSPORT
სტეფანოს ციციპასმა კარიერის დასრულებაზე მიანიშნა - ყველაფერი ვცადე და არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება გავაკეთო #1TVSPORT

ბერძენმა ჩოგბურთელმა, სტეფანოს ციციპასმა უიმბლდონის სტარტზე წაგების შემდეგ მიანიშნა, რომ შეიძლება ამ სეზონში კარიერა დაასრულოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

უიმბლდონის პირველ წრეში „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ფინალისტმა მსოფლიოს 113-ე ნომერთან, ფრანგ ვალანტენ როიესთან წააგო. ბერძენმა დათმო პირველი ორი სეტი (3:6, 2:6), რის შემდეგაც უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. ციციპასი ამჟამად 26-ე ადგილზეა მსოფლიო კლასიფიკაციაში.

„ძალიან მძიმეა ასეთ სიტუაციაში აღმოჩენა. ერთადერთი, რასაც ვერ ვიტან, ეს არის სპორტიდან წასვლა ან მატჩის შეწყვეტა. ბოლო ორი წელია, ვგრძნობ, რომ კორტზე სუსტი ვარ და ვიბრძვი იმისთვის, რომ ისევ ვიგრძნო კომფორტი მოედანზე.

ვგრძნობ, რომ დამიმთავრდა პასუხები. ყველაფერი ვცადე. დაუჯერებელი სამუშაო ჩავატარე ჩემი ფიზიკური ფორმის გამოსასწორებლად. ბევრი ვიმუშავე ფიზიოთერაპევტებთან, ვცადე ყველაფერი, რაც შემეძლო. ახლა პასუხები აღარ დამრჩა. არ ვიცი, რა გავაკეთო.

ეს ყველაზე რთული სიტუაციაა, რასაც აქამდე შევხვედრივარ. ეს მუდმივი პრობლემაა, რომელიც, როგორც ჩანს, არასოდეს გაქრება. მე, როგორც ყველას, მაქვს ზღვარი, ამიტომაც მომიწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოესი ორი თვის განმავლობაში. ეს მძიმე მომენტი იქნება, მაგრამ თუ მივხვდები, რომ ეს გაგრძელდება, ბრძოლას აზრი დაეკარგება. თუ ჯანმრთელი არ ხარ, შენი საჩოგბურთო ცხოვრება უბედური ხდება“, – განაცხადა ბერძენმა ჩოგბურთელმა.

აგვისტოში სტეფანოს ციციპასი 27 წლის გახდება.